რეზონანსი
23.04.2026

 პოლიტიკურ განქორწინებას არ აპირებს, დემარშს არ გეგმავს, თუმცა რუსთავის ციხის პატიმარმა, სტატუსებით დაწყებული ომი ახალ ფაზაში რამდენიმე საათის წინ ისევ თავად გადაიყვანა. მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, პენიტენციური დაწესებულებიდან უცვლელი ტონით და ამჯერად ულტიმატუმების ენით საუბრობს. ყოფილებს არ ეყრება, თუმცა არც მათი დაწესებული წესებით მოქმედებას აპირებს.

ულტიმატუმი ყოფილ ლიდერს, უფრო ადრე წაუყენეს ყოფილმა "ნაციონალებმა". უარყოფენ, თუმცა დღეს სავარაუდოდ სწორედ სააკაშვილის თავდასხმები იყო განხილვის მთავარი თემა, 8 ოპოზიციური პარტიის გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე, რომელიც სააკაშვილის გუნდის მონაწილეობის გარეშე გაიმართა.

ეს წითელი ხაზები "ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს ერთმანეთის მიყოლებით გაავლეს. პარტიის თავმჯდომარის შემდეგ, ყოფილი პარტნიორები პოლიტიკური დილემის წინაშე პოლიტსაბჭოს წევრებმა დააყენეს და პირდაპირ უთხრეს, რომ მათ ლიდერზე იერიშების გაგრძელების შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციურ ცხრიანში ყოფნა-არ ყოფნის საკითხს განიხილავს.

სააკაშვილის გუნდს, დღეს გვარამია-მელიას პარტიიდან ურჩიეს, ვიდრე ბურთი მათ მოედანზეა, შეკრიბოს პოლიტსაბჭო და დროულად ჩამოყალიბდეს, სურს კონფრონტაცია, თუ თანამშრომლობა დანარჩენ ოპოზიციასთან.

გირჩი ჯაფარიძე კი დარწმუნებულია, რომ მის ყოფილ ლიდერს ოპოზიციური გაერთიანებიდან გასვლის გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. თუმცა, ჯაფარიძე იმასაც კი ამბობს, რომ ყოფილი თანაპარტიელების გასვლით ოპოზიციურ ალიანსს არაფერი დააკლდება.

ოპოზიციის დაპირისპირების, დაშლა-გაერთიანების პროცესი დიდი ხანია სახელისუფლებო გუნდისთვის საინტერესო აღარ არის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებულ პარტიებში განხეთქილება, მხოლოდ მათ მძიმე მდგომარეობასა და შიდა პარტიულ კრიზისზე მეტყველებს.

ვინ წავა დათმობაზე?- ულტიმატუმების ენით მოსაუბრე, ყოფილი და მოქმედი "ნაციონალები", ახალი პოლიტიკური დილემის წინაშე, მხოლოდ ერთმა, რუსთავის ციხის პატიმარმა დააყენა, რომლისთვისაც ოპოზიცია სამიზნე დაკარგული, შიდა ემიგრაციაში დარჩენილი და მუდმივი მკითხაობის რეჟიმშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×