
ბრიუსელში გაკეთებული განცხადება, რომელიც თბილისში ღია მუქარად შეფასდა, ევროკავშირის ელჩმა სწორედ ქართველი ხალხის მხარდაჭერას დაუკავშირა. ძალადობა, სამოქალაქო ომი და სიღარიბე პაველ ჰერჩინსკიმ ევროპული მომავლის ალტერნატივად წარმოაჩინა და თქვა, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდება, საქართველო ეკუთვნის ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ ბრუნდება ბნელ წარსულში. სახელისუფლებო გუნდმა ელჩის ნათქვამში ხელისუფლების შეცვლის მკაფიო სურვილი ამოიკითხა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მსგავს მოწოდებას ჰერჩინსკი ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების წინ აკეთებდა, როდესაც ოპოზიციის მხარდაჭერით ქართველ ხალხს მძიმე წარსულში დაბრუნებისკენ უბიძგებდა.
ევროკავშირის ელჩმა განცხადება ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გააკეთა, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა "საქართველო ფოკუსში" გაიხსნა. "ქვეყანა გზაგასაყარზე დგას" - ციტატები პაველ ჰერჩინსკის გამოსვლიდან "ნეგტაზეთმა" გაავრცელა.
"ან ხელისუფლების ცვლილება, ან სიღარიბე და სამოქალაქო ომი" - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ასეთ ულტიმატუმს ვერ წაუყენებ ქვეყანას, სადაც სწორედ მოქმედი ხელისუფლების პირობებშია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა და სტაბილურობა. სახელისუფლებო გუნდში დღეს ჰერჩინსკის განცხადებას შემაშფოთებელი უწოდეს და საგარეო უწყებაში დიპლომატის დაბარებაზეც მიუთითეს.
ის, რაც მმართველი პარტიისთვის შანტაჟი და პოლიტიკაში უხეში ჩარევაა, ევროინტეგრაციისკენ დაბრუნების მოწოდებაა ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები ჰერჩინსკის განცხადებას სრულად იზიარებენ და მუქარად არ აღიქვამენ.
"მეგობრები არამეგობრულად არ საუბრობენ, დიპლომატები კი არადიპლომატიურად არ იქცევიან" - ევროკავშირს ელჩს წერილობით უპასუხეს პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა. მმართველი პარტიიდან პაველ ჰერჩინსკის მკაფიოდ უთხრეს, რომ ბნელ წარსულში დაბრუნებად ვერ შეფასდება პოლიტიკა, რომლითაც "ქართული ოცნება" იცავს ტრადიციებს, ეროვნულ იდენტობას და სუვერენიტეტს. "პოლიტიკური ცინიზმის კლასიკური მაგალითი" - "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ევრობიუროკრატებს, მათივე ქმედებებიდან გამომდინარე, მორალური უფლება არ აქვთ ისაუბრონ ძალადობაზე, სამოქალაქო ომზე, სიღარიბესა და ბნელ წარსულზე.
საქართველო ყოველთვის მზად არის კონსტრუქციული დიალოგისკენ და ურთიერთობისკენ, რომელიც პატივისცემას ეფუძნება - ასეთია ხელისუფლების პოზიცია, სადაც აცხადებენ, რომ ბრიუსელმა კარგად იცის, რომ პარტნიორობისთვის საჭიროა შეწყდეს საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა, არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმები და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული მტრული რეზოლუციები.