
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ერთ საათზეა მეტია სასამართლოს უმტკიცებს, რომ ის ბავშვობიდან მდიდარია. დაკავებული მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ პირველი მერსედესი მას ჰყავდა, ხოლო მაშინ როცა Land Cruiser -ით დადიოდა, გარკვეულწილად რცხვენოდა, რადგან გარეთ "გაჭირვება სუფევდა" - "პირველი Land Cruiser მე მყავდა, შუქნიშანზე თავს ვხრიდი, მრცხვენოდა, ხალხს უჭირს-მეთქი".
"რა საჭირო იყო მილიონები მეფრიალებინა, 1997 წელს მყავდა „მერსედესი", რომელსაც თითით აჩვენებდნენ ქალაქში, პირველი „ლენდ-კრუიზერიც" მე მყავდა, შუქნიშანზე რომ ვჩერდებოდი, თავს ვხრიდი, მრცხვენოდა, ხალხს უჭირს-მეთქი" - თქვა მან.
„საერთო ჯამში, მარტო ავტოფარეხების რეალიზაციით ნახევარი მილიონი ლარის შემოსავლები მაქვს მიღებული. რაიმის შენიღბვა თუ მინდოდა, ამის გაკეთება 1000 მეთოდით შემეძლო. დეკლარაციაში ასასახული მქონდა 2024 წლის შემოსავლები და არა 2025 წლის",- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ყოფილმა მინისტრმა დღეს, მის საბოლოო სიტყვაში ასევე ისაუბრა, თუ რა ქონებებს ფლობს ის და მისი ოჯახი. ირწმუნებოდა, რომ ფულის ნაწილი ბინების გაქირავებით დააგროვა, ნაწილი ავტოფარეხების გაყიდვით.
ბურჭულაძემ თქვა, რომ მისი ოჯახი ასევე ფლობდა კაზინოსაც, ფართებს რუსთაველის გამზირზე, ბინებს თბილისის ცენტრალურ უბნებში - "ვგავარ იმ კაცს რომ ფული გადამეყარა, თუ კაზინოში ვთამაშობდი?"
„ჯამში მილიონ 700000 ლარი მაქვს ბინების გაქირავებით... 2006 წელს ჩემმა ოჯახმა გაასხვისა რუსთაველის გამზირზე მდებარე ქონება 1 6000 000 ლარად, საიდანაც გასავალი ჩანს - მე და დედაჩემმა ბანკიდან გავიტანეთ დაახლოებით, 700 000 დოლარი. გარდა ამისა, მივიღე 900 000 დოლარი, რადგან საწარმოში პატრონების წილები გამოვისყიდე, გავაქირავე, რუსთაველზე მაღაზია რომ არის, „დიკა" ჩვენი ფართი იყო და ასევე წყეული კაზინოც პირველიც და მეორეც საქართველოში ჩვენი იყო, საიდანაც შემოსავლებს ვიღებდი იჯარის სახით.
1000 კვ მხოლოდ რუსთაველის გამზირზე ფლობდა ჩვენი ოჯახი. 1 200 000 დოლარი 2007-2008 წლის განმავლობაში ბებიაჩემს ჩაერიცხა. დედაჩემი, მამაჩემი დედისერთაა, მამაჩემი, დედაჩემი და ბებიაჩემი ერთად ცხოვრობენ და სამეწარმეო საქმიანობით იყვნენ დაკავებული.
თანხების მემკვიდრე სხვა არავინ ყოფილა, ერთი ძმა მყავს და სასულიერო პირია.
დიღომში კერძო სახლი მქონდა, სამსართულიანი, 140 000 დოლარად გავყიდე, 2010-2014 წლებში გაქირავებული მქონდა, 90 000 დოლარი მაქვს იქიდან მიღებული.
რაღაც ქონებებს ვყიდდი თავიდანვე, ან ვაქირავებდი, მოკლედ არ ვჩქარობდი... პირველი სკოლის უკანაც მქონდა ინვესტიცია, ყველა ქონება რაც შევიძინე, სარგებლის სახით მქონდა მიღებული.
ნუცუბიძის ბინა 2010 წელს ვიყიდე, აშშ-ში რომ წავედი, გავაქირავე. ფალიაშვილის გამზირზე, ნასიძის გამზირზე ბინა გაქირავებული მქონდა...
რაც ჩამოვთვალე, დეპოზიტზე რომ დამედო, 15 წლის განმავლობაში, ის გახდებოდა 8 მილიონი დოლარი, ვგავარ იმ კაცს რომ ფული გადამეყარა, თუ კაზინოში ვთამაშობდი?",- განაცხადა ბურჭულაძემ.
ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლოს უთხრა, რომ მის წინააღმდეგ საქმე მაშინ აღძრეს, როცა ნატოში ელჩად წასვლას აპირებდა. ყოფილი მინისტრისგან დღეს განსაკუთრებით აინტერესებდათ, თუ რა თანხები ირიცხებოდა მისი მძღოლის ანგარიშებზე და რისთვის ხარჯავდა მძღოლი ამ თანხებს. ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ მძღოლი გარდა მისი მოსახურებისა, მის ოჯახსაც ეხმარებოდა საყოფაცხოვრებო საკითხებში. ბრალდებულმა აღნიშნა, რომ მძღოლისთვის მიცემულ თანხებს არ ადეკლარირებდა.
ბურჭულაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა მისი შვილის შემოსავლებზე, აღნიშნა, რომ მისი შვილის სიმამარს რუსთში ბიზნესები აქვს და დასძინა, რომ არ შეიძლება მის ხარჯებში იმსი გაყვანა, რასაც მის რძალს და შვილს სიმამრი ურიცხავს.
„როგორ შეიძლება მე დავითვალო ლეგალიზაციაში ჩემი დაოჯახებული შვილი მისი სიმამარის კომუნალურებს რომ იხდიდა, წვრთნებში იხდიან 20000-ს და ესეც ჩემი ლეგალიზაციაა? ტურნირებზე რომ დაყვებოდა ჩემი შვილი მის მეუღლეს და მისი მამა რომ უხდიდა ფულს, ესეც? ახლოს ხომ უნდა იყოს ლოგიკასთან? ყველაზე ძვირიანი ბრენდი რაც არსებობს ავტომობილების, წარმომადგენელია საქართველოში იმის, ჩემი შვილის სიმამარი, ასევე რკინის ქარხანა აქვს მოსკოვში", - განაცხადა ბურჭულაძემ.
ყოფილი მინისტმა დღეს ასევე სასამართლოს უთხრა, რომ ქონების დიდი ნაწილი ამერიკაშიც დააგროვა, როცა ის დიპლომატიურ სამსახურში იმყოფებოდა. ბურჭულაძემ თქვა, რომ მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში მასზე მაღალი ხელფასი არავის ჰქონდა.
„ამერიკაში 6 000 დოლარზე მეტი შემოსავალი მქონდა, ის თანხა იქ იხარჯებოდა... იმ ქონებებს, რომელსაც 2015 წლამდე ვფლობდი, 7-8 ბინა იყო, ბუნებრივია, მით უმეტეს, ამერიკაში რომ ვცხოვრობდი, ვაქირავებდი - განაცხადა ბურჭულაძემ.
მე და ჩემი ოჯახი 4 წელ-ნახევარი ვაშინგტონში ვცხოვრობდით, იქ ვმუშაობდი, 2015 წლის შემდეგ ხარჯები თუ გამეზარდა, ეს ბუნებრივია. თუ ჩემს მიმდინარე ხარჯებს და შეძენილ ქონებას შევადარებთ იმ პერიოდს, ვიდრე ამერიკაში სამუშაოდ წავიდოდი, ჩემი შემოსავალი 10-ჯერ მეტი იყო. ამონაწერები მაქვს წარმოდგენილი, 2006-2009 წლებში ჩემი შემოსავალი წელიწადში დაახლოებით, 3-4 მილიონ ლარს შეადგენდა, ეს იყო ჩემი და ჩემი ოჯახის თანხები, მაშინ ბარათების გამოყენება დახვეწილი არ იყო, თანხები შემქონდა, ან ბიზნესის ინვესტირებისთვის იყო, ვახურდავებდი ლარად და იმას ვხარჯავდი ოჯახში. 600 000-ის კომუნალური მაქვს გადახდილი, მანამდე 143 000 ლარი მაქვს კომუნალურში გადახდილი, მაშინ 8 ბინა მქონდა, მერე 6 ბინა, ეს ხომ ალოგიკურია? კომუნალური გაძვირდა, მაგრამ 4-5-ჯერ არ გაძვირებულა ხომ? კომუნალურებიც კი ბარათზე არ მქონდა მიბმული, პირდაპირ შემქონდა მიმღების -„თელასის", „ყაზტრანსგაზის" და ა.შ. ანგარიშის ნომერზე. 2015 წლამდე 8 ბინა მქონდა. მოგვიანებით განგიმარტავთ, თანხები რაში მქონდა ინვესტირებული და რას ვიღებდი. ავხსნი, რა უნდა იყოს ჩემს შემთხვევაში გათვალისწინებული.
გამოდის, რომ ეჭვი უნდა მივიტანოთ ყველაზე, ვისაც ემიგრანტი ჰყავს ოჯახის წევრი და ბინა გაქირავებული აქვს. შემოსავალი რაც იყო, ყველაფერი დამიდასტურა ბრალდების მხარის წარმოდგენილმა მოწმეებმა", - განაცხადა ბურჭულაძემ.
შეგახსენებთ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.