რეზონანსი
23.04.2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ჩვენი ქვეყნის ულამაზესი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ძალიან მნიშვნელოვანია, საიმედო ხელში იყოს ამ მხარის მართვის საქმე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

კობახიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე საქმიანობისთვის სულხან თამაზაშვილს მადლობა გადაუხადა.

„ამისთვის ბატონი სულხანი იმსახურებს განსაკუთრებულ მადლობას. მან საქართველოს მთავრობაში დაიკავა ძალიან მნიშვნელოვანი – შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა. მინდა, წარმატებები ვუსურვო ამ თანამდებობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ზურაბ პატარაძის გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი წლების განმავლობაში დიდი წარმატებით უძღვებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.

„ზურაბ პატარაძის თავმჯდომარეობის პირობებში ძალიან ბევრ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. მისი საქმიანობის წლები იყო გამორჩეულად წარმატებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის. ის ასევე არის გამორჩეული დიპლომატი, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. მინდა, გამოვარჩიო მისი საქმიანობა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ელჩის თანამდებობაზე. სწორედ მისი ელჩობის პირობებში, ახალ ეტაპზე გადავიდა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები და ამაში  ზურაბ პატარიძეს განსაკუთრებული პირადი წვლილი მიუძღვის. მადლობა მას წარსულში გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებებს ვუსურვებ. ის იქნება ძალიან გამორჩეული, ღირსეული მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, ჩვენი ქვეყნის ეს ულამაზესი მხარე ახალ და ძალიან დიდი წარმატებებს მიაღწევს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×