რეზონანსი
22.04.2026

საქართველო ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ამ სტატუსით პირველი სხდომა ვენაში გაიმართა, რომელზეც სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი გამოვიდა. ფორუმი ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა, რომელიც უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე მუშაობს. საქართველომ თავმჯდომარეობა საფრანგეთისგან გადაიბარა და ამ პოზიციას სექტემბრამდე შეინარჩუნებს. საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველო ელოდება მჭიდრო თანამშრომლობას გაერთიანებულ სამეფოსთან ეუთო-ს თავმჯდომარეობის ფარგლებში, იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს ერთობლივი საქმიანობის უწყვეტობა და თანმიმდევრულობა.

„ჩემთვის დიდი პატივია უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმზე მოგმართოთ სიტყვით ჩემი ქვეყნისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო დროს, როდესაც საქართველო ამ მნიშვნელოვანი ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. უკრაინაში მიმდინარე ომი კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე და ეუთო-ს დამფუძნებელი პრინციპების დაცვისა და პატივისცემის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოაჩენს. ამავდროულად, უპრეცედენტო სისწრაფით ჩნდება ახალი და მუდმივად ცვალებადი საფრთხეები. უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმმა უნდა უპასუხოს გამოწვევებს არამხოლოდ არსებული ვალდებულებების განმტკიცებით, არამედ ინოვაციების ხელშეწყობის, თანამშრომლობის გაფართოებისა და მონაწილე სახელმწიფოებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.

ამ კონტექსტში, საქართველოს მტკიცედ სწამს, რომ შეთანხმებული პრინციპების მიმართ პატივისცემის და მონაწილე სახელმწიფოებს შორის ნდობის აღდგენა ჩვენი საერთო ძალისხმევის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს. საქართველოს თავმჯდომარეობას გააჩნია მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტები, რომელთა განხორციელებასაც ყველა მონაწილე სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ვაპირებთ. უსაფრთხოების დიალოგი მიეძღვნება უსაფრთხოების პოლიტიკურ-სამხედრო ასპექტებზე ეუთო-ს ქცევის კოდექსთან შესაბამისობის გაძლიერებას. ასევე შეიარაღებული კონფლიქტის გავლენას ქალებსა და გოგოებზე. დიალოგი დაეთმობა კონფლიქტის პერიოდში ადამიანის უფლებათა დარღვევებს, ქცევის კოდექსის ფარგლებში. ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს გამოცდილება ხაზს უსვამს ეუთო-ს საქმიანობის მნიშვნელობას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა, საქართველოს გამოცდილებაზე დაყრდნობით, უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებითაც ისაუბრა:

„ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების რთულ გამოწვევებთან უწევს გამკლავება და საკუთარი გამოცდილებით ვიცით გადაუჭრელი კონფლიქტების, სუვერენიტეტის დარღვევის, მონაწილე სახელმწიფოებს შორის ნდობის რღვევის შედეგები მაშინ როდესაც რუსეთი განაგრძობს საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას და იქ უკანონო სამხედრო ყოფნას. სწორედ ეს გამოცდილება განსაზღვრავს ჩვენს მიდგომას ფორუმის თავმჯდომარეობასთან მიმართებით, ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსტრუქციულ ჩართულობასა და პრაქტიკული ზომების მიღებას ეუთო-ს მთელ ტერიტორიაზე მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად. ასევე, მსურს გაცნობოთ, რომ საქართველომ ოფიციალურად წარადგინა განაცხადი 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე. განაცხადის წარდგენა ადასტურებს ორგანიზაციისადმი ჩვენს მტკიცე ერთგულებას და უწყვეტობის, ინკლუზიურობისა და პროაქტიული ჩართულობის ღირებულებების მიმართ დამოკიდებულებას“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×