რეზონანსი
21.04.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ეროვნული უსაფრთხოების საკითხად განიხილავს. უწყება პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემები, ტექნოლოგიურ პროგრესზე დაფუძნებული კორუფციის ახალი ფორმები სახელმწიფოსგან მოითხოვს მუდმივ მზადყოფნას, რათა შეიმუშაოს მოქნილი მექანიზმი კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად.

სუს-ი აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა.

„შედეგად, დაკავებულ იქნა და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა არაერთი მაღალი თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე. 2025 წელს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 54 საქმეზე და ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 104 პირი ისეთ დანაშაულებზე, როგორებიცაა ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, სამსახურებრივი სიყალბე და სხვა. საანგარიშო პერიოდში განრიდება გამოყენებულ იქნა სისხლის სამართლის ორ საქმეზე სამი პირის მიმართ. 2023 წლის 15 ნოემბრისა და 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე, საანგარიშო წლის განმავლობაში, სისხლის სამართლის რვა საქმეზე, სახელმწიფოს დაუბრუნდა 1 086 410 ლარის ღირებულების დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 126 362 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 28 პირი გათავისუფლდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან“, - ნათქვამია ანგარიშში.

სუს-ის ცნობით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგად, საქართველო კვლავ მოწინავე ადგილს იკავებს საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×