
ამერიკაში მცხოვრები მომღერალი ნინი შერმადინი მიმართვას ავრცელებს, რომელშიც მომღერალი იმ შეურაცხმყოფელ ეპითეტებსა და მუქარებზე ლაპარაკობს, რისი სამიზნეც სოციალურ ქსელში ბოლო დროს გახდა.
„უკვე 14 წელია, ამერიკის ემიგრაციაში ვცხოვრობ და ჩვეულებრივი, ერთ-ერთი რიგითი ემიგრანტი ვარ. მეც ძალიან გამიჭირდა აქ თავის დამკვიდრება. მინდა, დავიწყო მადლობით და მადლობა გადავუხადო ამ ქვეყანას - ამერიკას, რომელმაც მიმიღო და მომცა ექსტრაორდინარული ტალანტით დაჯილდოებული ადამიანებისთვის განკუთვნილი მწვანე ბარათი. დღეს უკვე გახლავართ ამერიკის მოქალაქე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ქვეყანა არის ჩემთვის მეორე სამშობლო, რომელმაც გამზარდა, მიმიღო, ძალიან ბევრი კარი გამიღო, მასწავლა, გამაძლიერა, ძალიან ბევრი უნარები აღმომაჩენინა საკუთარ თავში და, რასაც ვერ ვიფიქრებდი, ძალიან ბევრი სასწაული მოხდა ჩემს თავს.
ბევრ ადამიანს შევხვდი ცხოვრებაში, ვისგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და ამ 14-მა წელმა სრულად გარდამქმნა. დღეს უკვე სამ შტატში მაქვს ჩემი მუსიკალური სტუდია. 80 ბავშვზე მეტია ჩემთან. ოთხმოცივემ იცის ქართული, ქართული სიმღერა, ჰიმნი საქართველოსი და აქედან ყველა ქართველი არ არის - რამდენიმე უცხოელია და მათ შორის უცხოელებმაც იციან ქართული. ვესაუბრები ქართულად, ვცდილობ, რომ ვასწავლო მათაც ქართული სიმღერები, ვინც ქართველი არ არის; ვაჩვენო, რომელი ქვეყნიდან ვარ, შევაყვარო ჩვენი კულტურა და ამას მართლა გულით ვაკეთებ, იმიტომ რომ მე ყველაზე მეტად ჩემი სამშობლო მიყვარს და მენატრება.
ყველა დღე, რაც ემიგრაციაში მაქვს გატარებული, ღმერთის წინაშე ვამბობ, რომ არცერთი დღე არ გასულა, რომ მე ჩემს სამშობლოზე არ მეფიქრა: როგორ გამოვადგე ქართველებს, როგორ დავეხმარო, როგორ მოვეფერო. ჩემი მუსიკალური კარიერა დაიწყო ძალიან ადრე, ჯერ კიდევ ალბათ ედუარდ შევარდნაძის დროს, საიდანაც მე მომყვებიან ჩემი უძვირფასესი მეგობრები, რომლებთანაც მე მაქვს მთელი ჩემი ბავშვობა გატარებული. ჩვენ ერთად დავდიოდით ტურებში, ერთად გვეძინა, ერთმანეთის ტანსაცმელები გვეცვა, სუფთა გულით გვიყვარდა ერთმანეთი. მაშინ არ იყო არც შური, არც ბოღმა, არც ლანძღვა, არც პოლიტიკა არ იდგა ჩვენს შორის, არც მხარეები არ იყო ჩვენს შორის და მე დავიტოვე ისევ ეს გრძნობა, რომ მე ჩემი მეგობრები ისევ ისე სუფთა გულით მიყვარდეს, ჩვენი პოლიტიკური ხედვები ემთხვევა თუ არა ერთმანეთს.
როგორც ქსელში ვრცელდება ასეთი კომენტარები, რომ მე ვარ არალეგალი და უნდა გამაგდონ ამ ქვეყნიდან... ერთ-ერთმა ქალბატონმა, არ ვიცი, ნიუ-ჯერსის პოლიციაც მონიშნა, რომ „ამერიკის ჰეითერია, გააგდეთო ამ ქვეყნიდანო“. ნუ, რა ეპითეტებით მიდის იქ ჩემი შემკობა, ახლა ამას არ დავიწყებ: „ორთოდოქსი ქოცი“, „უნამუსო“... არ ვიცი, რა სიტყვებს მეძახიან. არ ვიცი, რატომ - იმიტომ, რომ ჩემს მეგობრებს წარმატება ვუსურვე? ერთ-ერთი კონცერტის ორგანიზატორებს. არ გავლანძღე? არ დავაბულინგე? სრული უფლება გაქვთ არ მოგწონდეთ, ან არ მომისმინოთ, ან ჩემს შეხედულებებს არ ეთანხმებოდეთ.
რამდენჯერაც გამოვედი და საქართველოს ხელისუფლება გავაკრიტიკე - ვთქვი, ემიგრანტებს რანაირად შეიძლება ხმის უფლება ჩამოვართვათ-მეთქი, სახე დალეწილი ბავშვები გავაპროტესტე, უკანონო პატიმრები, ამდენი კრიმინალი, ამდენი ფემიციდი, ამდენი ნარკომანიით გარდაცვლილი... მოკლე, რამდენიც გამოვედი და გავაპროტესტე - იმდენი „ნაცი“ მეძახეს და მიტრიალეს მკვდარი და ცოცხალი. იმ მთავრობასაც ვაპროტესტებდი მაშინ, როცა ძალადობდნენ და დღესაც, რაც არ მომწონს, ამასაც ხმამაღლა ვაფიქსირებ. არ შემიძლია გაჩუმება და როცა რაღაცა უსამართლობას ვხედავ, ყოველთვის ვამბობ, ვაფიქსირებ ჩემს აზრს.
ერთადერთი ის მინდა გითხრათ და იცოდეთ ყველამ ზედმიწევნით კარგად, რომ ჩემი კარიერა ან ჩემი პროფესია არ უკავშირდება არავის. არც არავის კარის მეზობელი ვყოფილვარ, არც პარტიული მომღერალი ვყოფილვარ, არც ფულიანი მამიკოს შვილი ვყოფილვარ, არც შუბლზე ძარღვი გამიწყვეტია რაღაცის მისაღწევად და ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე ის არის, რომ როცა დავიძინებ, სინდისი არ მაწუხებს. ბალიშზე თავი მიდევს მშვიდად. მაქსიმალურად მინდა, რომ ყველა მიყვარდეს, ყველაში კარგი დავინახო, პოზიტივი ვაფრქვიო, გავცე და მივიღო. იმდენად ნეგატიურია ყველაფერი გარშემო დღეს, რომ მინდა, რომ მიყვარდეს და ვუყვარდე ყველას. ყოველთვის, სადაც არ უნდა წავიდე, ჩემი ქვეყნის სიყვარული ყოველთვის თან დამყვება.
ერთმა ქალბატონმა დამიწერა: „შენი სიმართლით გაგიმარჯოს ღმერთმაო“. მართალი ბრძანდებით, ქალბატონო! მე ჩემი სიმართლით გამიმარჯვოს ღმერთმა, ჩემს შვილსაც, მთელ ჩემს საგვარეულოს - როგორი მართალიც მე ვარ საკუთარ თავთანაც და ღმერთთანაც. ჯანმრთელობას გისურვებთ, ბედნიერებას გისურვებთ. რაც მთავარია, სიყვარულს, ერთმანეთის სიყვარულს გისურვებთ, ხალხო! ბედნიერი დღე ყველას!“, - აცხადებს შერმადინი.