
„მთავარ დაპირებებს უღალატა „ქართულმა ოცნებამ“ - ამის შესახებ „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელი და „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ 14 წლის წინ, სწორედ ამ დღეს დაარეგისტრირეს იუსტიციის სამინისტროში. ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ იმედგაცრუებულები არიან ისინი, ვის ხარჯზეც მოხდა ცვლილება, „მაგრამ ეს პარტია გადაიქცა ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებად და არა მთავარი დაპირებების შესრულების ინსტრუმენტად“.
ამასთან, ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ მისი მთავრობაში ყოფნის დროს, საქართველომ მიიღო უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი, პროგრესი იმ წლების რეფორმებით და ეს ყველაფერი „ოცნების“ პოლიტიკამ გაანადგურა.
„14 წლის წინ, ამ დღეს პარტია „ქართული ოცნება“ დავარეგისტრირეთ იუსტიციის სამინისტროში. იურიდიულ პროცედურას მე ვუძღვებოდი... მჯეროდა, რომ ეს გზა აუცილებელი ცვლილებებისთვის იყო გასავლელი, რათა დაგვესრულებინა ადამიანის უფლებების სისტემური ხელყოფა, პოლიტიკური მართლმსაჯულება და უკანონო პატიმრების დრო! სამწუხაროდ, უამრავი მცდელობისა და ძალისხმევისა, რაც ამ მიზნით ჩავდეთ - ამაო აღმოჩდა!
იმედგაცრუებული ვართ ჩვენ, ვისი ბრძოლის ხარჯზეც მოხდა ცვლილება და ყველაფერი გავაკეთეთ საქართველოს ბედნიერი მომავლისთვის, მაგრამ ეს პარტია გადაიქცა ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებად და არა მთავარი დაპირებების შესრულების ინსტრუმენტად! მთავარ დაპირებებს უღალატა „ქართულმა ოცნებამ!“
დღეს პოლიტიზირებული მართლმსაჯულებაა ისევ და ასეულობით პოლიტიკური და უკანონო პატიმარი! როდესაც მეკითხებიან ვნანობ თუ არა, რომ ვიდექი ცვლილებების პროცესის წინა ხაზზე - ვამბობ არა, რადგან ის რეჟიმი უნდა შეცვლილიყო! არ უნდა დახუჭო თვალი, თუ ხდება იგივე ვინც არ უნდა იყოს უსამართლობის ავტორი! ამიტომაც გაიყო 2018 წელს ჩვენი გზა დ მე დავრჩი ჩემს ღირებულებებთან, „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი დადგა წარსულის სახიფათო გადმონაშთის დასაცავად!
არასოდეს ვინანებ რაც ვაკეთე იმ წლებში, ბევრ კარგ ადამიანთან ერთად რადგან იყო ღირებული, მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებებისთვის! საქართველომ მიიღო უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი, პროგრესი იმ წლების რეფორმებით და ეს ყველაფერი გაანადგურა „ოცნების“ პოლიტიკამ! ყველა და ყველაფერი გამოჩნდა: ვინ რისთვის იბრძოდა, თანამდებობისთვის თუ საქართველოს ბედნიერებისთვის... არავინ დარჩა პირველი თაობის ნამდვილი მეოცნეებეებიდან... მედროვე, კომფორმისტი ადამიანები შერჩა ბიძინა ივანიშვილს და ის აუცილებლად დადგება არჩევანის და ცვლილების წინაშე! ეს მალე მოხდება! ცხოვრების კანონზომიერება მოიტანს ცვლილებებს დღეს! დადგება თავისუფლების, დამოუკიდებლობის ეტაპი. მართლმსაჯულების სისტემაში და დასრულდება უკანონო პატიმრების დრო!“, - წერს ეკა ბესელია.