
ვიცოდით, რომ მის გარდაცვალებას დიდი გამოხმაურება ექნებოდა, მაგრამ ხალხის ასეთი მონაწილეობა ვერ წარმოგვედგინა, - განუცხადა „იმედის კვირას“ არქიმადრიტმა ეფრემ ვატოპედელმა ილია მეორეზე საუბრისას.
მისი თქმით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მადლიანი კაცი იყო, სასწაულებსაც აღასრულებდა, რადგან იყო „საღმრთო მადლის ცოცხალი ჭურჭელი, ცოცხალი ღმერთის ნამდვილი ხატი“.
„იყო გასაოცარი ადამიანი, ისეთი მადლიანი, ისეთი მშვიდი იყო, რომ შემიძლია ვთქვა, ჰქონდა მადლის სისავსე და როგორც წმინდა წერილში წერია, კაცის გულს თუ უხარია, სახეც უყვავისო. ასევე, იგიც ასხივებდა ამ მადლს.
ყველა, ვინც მასთან შედიოდა, გინდ უცხოელი, გინდ უცხო რჯული, მისგან გამოდიოდა კმაყოფილი და სიხარული სავსე. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ მე პირადად მითხრა, ყველა ეკლესიის მეთაურს ვცემ პატივს, მაგრამ ორი მათგანი განსაკუთრებით მიყვარსო, სერბეთის პავლე და საქართველოს ილიაო.
თავისი, როგორც პატრიარქის მოვალეობად მიაჩნდა, ყოფილიყო მთელი ერის მამა და მთელი არსებით სურდა, ერს დახმარებოდა, რადგან ჰქონდა მუდმივი განწყობა, თავისი ხალხისთვის თავი დაედო, მსხვერპლი გაეღო. იყო ნამდვილი მწყემსი კეთილი. ვიცოდით, რომ მის გარდაცვალებას დიდი გამოხმაურება ექნებოდა, მაგრამ ხალხის ასეთი მონაწილეობა ვერ წარმოგვედგინა. მეტად ვიხაროთ და მეტად გავაცნობიეროთ, თუ რა დავკარგეთ.
მართლაც მოციქულთა სწორი იყო. თავი შესწირა ეკლესიასა და ხალხს, ამიტომაც აფრქვევს ამდენ მადლსა და ძალას. როგორც მსოფლიო პატრიარქმა ბრძანა, იგი არ მომკვდარა, არამედ მას სძინავს“, - აღნიშნა მან.