რეზონანსი
18.04.2026

ოპოზიციის გაერთიანების მორიგ მცდელობას აფასებს მედიასთან საუბარში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც მან განაცხადა, გაერთიანების მეხუთე მცდელობაც ისეთივე კრახით დასრულდება, როგორც წინა ოთხი.

როგორც დავით ქართველიშვილი აცხადებს, ოპოზიციას არაფრის უნარი და ძალა არ შესწევს და ეს გამოიხატება თუნდაც იმაში, რომ დამოუკიდებლად, უცხო ძალების ჩარევის გარეშე, ელემენტარული სამოქმედო გეგმის შემუშავება არ ძალუძს.

„სერიოზულად რომ ვერ ვუყურებ [ოპოზიციის გაერთიანების მორიგ მცდელობას], ეს ხომ გასაგებია, იმიტომ რომ მეხუთედ შეიკრიბა იგივე ხალხი რაღაც ახალ გაერთიანებაში. მანამდე ოთხჯერ შეიკრიბა, დაიშალა. ამჯერად მეხუთედ შეიკრიბა და ისევ დაიშლება, იმიტომ, რომ საკუთარ წიაღში, ყოველი მსგავსი გაერთიანების დროს, საკუთარ თავს და ამომრჩეველს ატყუებენ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლა გარდაუვალია. წარმოიდგინეთ, ყოველ ჯერზე ან კანვასის ინსტრუქტორი სჭირდებათ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, ან აკერმანის ტრენინგები, ან იგორ ბლაჟევიჩის რაღაც ბრძნული სქემები და გეგმები. თვითონ არაფრის მაქნისები არ არიან - ელემენტარული პროგრამა არ დაუწერიათ საზოგადოების რომელიმე სფეროზე მორგებული, გინდა საგარეო პოლიტიკა იყოს, გინდა ეკონომიკა. რა უნდათ ამ ადამიანებს, გაუგებარია“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

მანვე კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ „კარდაკარზე“, რომლის დაწყებასაც რადიკალები რეგიონებში გასვლით და მოსახლეობასთან შეხვედრებით 10 მაისიდან აპირებენ. „ჩემები გავაფრთხილე, 10 მაისიდან თბილისიდან არსად წახვიდეთ, შეიძლება მოვიდნენ, დააკაკუნონ, გაუღეთ კარი და თავაზიანად მიიღეთ-თქო. მაგრამ გჯერათ, რომ ამას გააკეთებენ? ან რეგიონებში დაანონსებული კარდაკარი სადმე შესრულებულა? რომელიმე სოფელს მიადგა რომელიმე მათი ლიდერი? ეს ხომ აბსურდია!“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×