
მთელი მსოფლიო ხედავს და რაც მთავარია, ამას საქართველოში თვალ-ყურს ვადევნებთ, რომ საქართველო ნელ-ნელა იქცევა გეოეკონომიკისა და გეოპოლიტიკის სუბიექტად - არა თეორიული „შუა დერეფნის“ ერთ-ერთ რგოლად და ნაწილად, არამედ ამ „შუა დერეფნის“ პრაქტიკულ ჭრილში გადაყვანის ერთ-ერთ მთავარ აქტორად და მოთამაშედ. ამის არდანახვა არ შეიძლება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
მისი შეფასებით, საქართველოზე გამავალი საერთაშორისო პროექტები უალტერნატივოა.
„ეს ეხება ყველაფერს - ხმელეთს, რკინიგზას, ავტომაგისტრალებს, ნავთობსადენებს, ჰაერმაც კი მისცა საშუალება, ხუთჯერ თუ ექვსჯერ გაეზარდა ავიარეისების ნაკადი იმიტომ, რომ ერთადერთი უსაფრთხო დერეფანი ვართ დღეს მთელი მსოფლიოსთვის აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე მიმავალ ღერძზე. ამიტომ შეიცვალა ის, რასაც ადგილი ჰქონდა 3-4 წლის წინ - გვახსოვს არაერთი ევრორეზოლუცია რაღაც გიჟური მოთხოვნებით, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათის იყო, მაგრამ პრაქტიკულ ჭრილში თითქმის არაფერი განხორციელებულა. მინისტრები და ევროპარლამენტები სხვადასხვა სუბსტანციები არიან, მინისტრები უფრო პრაგმატიკოსები არიან და მათ უფრო აქვთ პულსზე ხელი, და მშვენივრად იციან, რა არის დღეს საქართველო, რომელი თავადაც არის ძალიან ბევრი საერთაშორისო ეკონომიკური, დიპლომატიური ფორუმის მიმღები მხარე და ბევრ დიპლომატიურ ფორუმშიც თავად მონაწილეობს, არა როგორც სტატისტი ან პერიფერიის წარმომადგენელი“, - განაცხადა ქართველიშვილმა.