
გუშინ თბილისში, დიდუბეში, აგლაძის ქუჩაზე, 39 წლის მამაკაცი დაჭრეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაშავებული კლინიკა „გლობალ მედიში“ გადაიყვანეს.
ცივი იარაღით დაჭრილი მამაკაცი ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია და მედიკოსების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ექიმების თქმით, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
დაზარალებულის დედა „ტვ პირველთან“ მისი შვილის მდგომარეობაზე საუბრობს. დაშავებული კაცის მშობელი წარსულში ვინმესთან დაპირისპირებას კატეგორიულად გამორიცხავს, ირწმუნება, რომ მის შვილს კონფლიქტი არავისთან ჰქონია.
„არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია. მე ასე ვიცი, რომ ჩემმა შვილმა არ იცის, ვინ იყო თავდამსხმელი. ყველაფერს არკვევენ და ყველაფერი კარგად იქნება. სტაბილურად მძიმეა ჩემი შვილის მდგომარეობა. კეთდება ყველაფერი საავადმყოფოს მხრიდანაც და პოლიციის მხრიდანაც“, - ამბობს დედა.
ცნობისათვის, აგლაძის ქუჩაზე სისხლიანი ანგარიშსწორება, გუშინ საღამოს, პანაშვიდზე მოხდა. როგორც ადგილობრივები და თვითმხილველები ამბობენ, 39 წლის მამაკაცს, რომელიც ახლობლის პანაშვიდზე მივიდა, კორპუსთან მისი თანატოლი, 39 წლის პირი დახვდა და ცივი იარაღით, ყელის არეში დაზიანებები მიაყენა. დამნაშავე ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ გაქცეული ეჭვმიტანილი მალევე დააკავა, 39 წლის კაცს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, 1987 წელს დაბადებული ო.ქ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც გაირკვა, მძიმე დანაშაულში მხილებული პირი ძველი მეგობრის დაჭრის შემდეგ ქალაქიდან გაიქცა და სამართალდამცველებმა ის ზესტაფონში დააკავეს. დაკავებული მამაკაცი დუმილის უფლებას იყენებს, ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა ამ ეტაპზე მკვლელობის მცდელობის მოტივად შურისძიება სახელდება.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.