
ოპოზიციური პარტია- „ძლიერი სომხეთის", ლიდერი სამველ კარაპეტიანი, შინაპატიმრობაში რჩება
სომხეთში 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდე ორ თვეზე ნაკლები დრო რჩება, თუმცა წინასაარჩევნო გარემო უკვე მკვეთრად იძაბება - ანტიკორუფციულმა ორგანოებმა პრორუსულ ოპოზიციასთან დაკავშირებული 14 პირი დააკავეს, რაც წინსაარჩევნოდ ბევრ კითხვას აჩენს.
ორიოდე დღით ადრე კიდევ ორი წევრი დააკავეს, რომლებსაც ბრალი არჩევნების პერიოდში საქველმოქმედო საქმიანობის აკრძალვის დარღვევაში დასდეს.
„ანტიკორუფციულმა ორგანომ ოპოზიციური „ძლიერი სომხეთის" სხვადასხვა ოფისში ჩხრეკები ჩაატრა და 14 ადამიანი დააკავა. ვცდილობთ დავადგინოთ, სად გადაიყვანეს ეს პირები, რა გარემოებებში და რა საფუძვლით," - განაცხადა პარტიის ადვოკატმა იურა დილანიანმა.
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისს არის დაგეგმილი. ამერიკული საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის თებერვლის გამოკითხვით, ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთი" , მმართველი „სამოქალაქო კონტრაქტის" შემდეგ, რეიტინგით მეორე ადგილს იკავებს.
„სამოქალაქო კონტრაქტი", პრემიერ-მინისტრ ფაშნიანის ხელმძღვანელობით, აქტიურად ცდილობს საგარეო კურსის დასავლეთისკენ გადახრას - ამცირებს დამოკიდებულებას რუსულ ინსტიტუტებზე და ამყარებს კავშირებს როგორც ევროკავშირთან, ისე აშშ-სთან - წერს ბრიტანული სააგენტო „როიტერზი".
ამ ფონზე, პრორუსული ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ მოსყიდვის ბრალდებებით დაწყებული საქმე წინასაარჩევნო დაძაბულობას კიდევ უფრო ამძაფრებს. ახლა მთავარი კითხვაა - რამდენად წარმოადგენს ეს პროცესი რეალურ ანტიკორუფციულ ქმედებას და რამდენად შეიძლება იყოს პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი.
აღსანიშნავია, რომ ივნისის არჩევნების შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ თვითონ სომხეთისთვის, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის.
რაც შეეხება თვითონ ოპოზიციურ „ძლიერი სომხეთს", მისი ლიდერი მილიარდერი სამველ კარაპეტიანია, რომლის წინააღმდეგაც სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - მას ბრალად ხელისუფლების დამხობისკენ საჯარო მოწოდებები ედება. კარაპეტიანი გასული წლის ივნისში მას შემდეგ დააკავეს, რაც ხელისუფლება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წინააღმდეგ კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამას „თავისებურად" შეაჩერებდა.
კარაპეტიანი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
პოლიტოლოგი ნუკრი შოშიაშვილი სომხეთში წინასაარჩევნო პროცესებზე საუბრისას ამბობს, რომ ფაშინიანი კონკურენტების თავიდანვე მოშორებას ცდილობს.
- ნურკი შოშიაშვილი: „ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთი ხდება ევრობიუროკრატიის მთავარი დასაყრდენი რეგიონში ისე, რომ გარკვეულწილად ცვლილებების პერსპექტივა არ ჩანს"
„ფაშინიანი პრინციპში ეს ის პროექტია, რა პროექტიც ჩვენთან იყო სააკაშვილი. ფაშინიანი იკეთებს იმას, რაც მოხდა რუმინეთში, კონკრეტულად კი შესაძლო კონკურენტს თავიდანვე ანეიტრალებს. ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთი ხდება ევრობიუროკრატიის მთავარი დასაყრდენი რეგიონში ისე, რომ გარკვეულწილად ცვლილებების პერსპექტივა არ ჩანს. მეორე მხრივ, თვითონ ოპოზიციის პრობლემაც არსებობს - ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე სხვა პოლიტიკური პარტიები არც ისე პოპულარულია თვითონ სომხეთში. ერთი მხრივ უნდა ველოდოთ უხეშ ჩარევას არჩევნებში, მეორე მხრივ ბუნებრივადაც ოპოზიცია არ არის ისეთი ძლიერი, რომ ეს სათავისოდ გამოიყენოს და სათავისოდ გადაზარდოს მნიშვნელოვან პროტესტზე."
შოშიაშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ევროპელებმა სომხეთს ევროინტეგრაციის პროცესში უფრო მეტი მისცენ, ვიდრე საქართველოს აქვს.
„რეგიონის საერთო სურათზე აისახება იმით, რომ სომხეთი ცდილობს, გარკვეულწილად გადატვირთოს პოლიტიკა თურქეთთან, მეორე მხრივ კი უნდა, იყოს დასავლეთის პლაცდარმი, თუნდაც ირანთან მიმართებაში, მაგრამ ამისთვის სომხეთს აკლია ერთი მნიშვნელოვანი რამ, ლოჯისტიკურ საკითხი - მას უშუალო კავშირი დასავლეთთან არ აქვს, მითუმეტეს, არც ზღვაზე გასავლელი აქვს. გარკვეულწილად ევროინტეგრაციის პროცესში ალბათ ჩვენზე წინ იქნება და სავარაუდოდ, უფრო მეტს მისცემენ ევროპელები, ვიდრე საქართველოს აქვს."