
გეოპოლიტიკური გამოწვევები, ახალი საფრთხეები, გარე ჩარევები, ორმაგი სტანდარტი და ეროვნული ინტერესები, როგორც საგარეო პოლიტიკის ძირითადი ორიენტირი - საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე შალვა პაპუაშვილის მიმართვა სწორედ ამ შინაარსის იყო.
ასამბლეაზე პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. შალვა პაპუაშვილის თქმით, დემოკრატიული პროცესები საგარეო ჩარევისგან თავისუფალი უნდა იყოს და სუვერენიტეტის დაცვა დღეს სახელმწიფო ინსტიტუტების სიმტკიცეზე გადის.
საპარლამენტთაშორისო კავშირის უმაღლესი ტრიბუნიდან პარლამენტის სპიკერმა სუვერენიტეტის დაცვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამის კარგი მაგალითი სამხრეთ კავკასიაა - რეგიონი, რომელიც ერთ დროს არასტაბილურად მიიჩნეოდა, დღეს სტაბილური და პროგნოზირებადია, რაც სუვერენიტეტის დაცვის შედეგია.
ფორუმი, რომელსაც 70-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე და ასობით კანონმდებელი ესწრება, ორმხრივი შეხვედრებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ქართული დელეგაცია კოლეგა კანონმდებლებს მთელი დღის განმავლობაში ხვდებოდა და სხვადასხვა თემატიკაზე მსჯელობდა.
ლუქსემბურგისა და საბერძნეთის სპიკერებთან საუბრის დროს ყურადღება ევროკავშირთან უთანხმოებასა და გარე ჩარევებისგან მომდინარე საფრთხეებზე გამახვილდა.
სტრატეგიულ პარტნიორებთან დიალოგსა და კავშირების გაღრმავების აუცილებლობაზე გაკეთდა აქცენტი აზერბაიჯანის დელეგაციასთან შეხვედრის დროს. განხილვის თემა იყო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება, მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობა.
აზერბაიჯანამდე, შალვა პაპუაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პარლამენტის პრეზიდენტს შეხვდა. უსაფრთხოება და გამოწვევების წინააღმდეგ რაციონალური მიდგომა ამ შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი იყო. აღინიშნა, რომ მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონისთვის როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის გადამწყვეტია.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს ყაზახ კოლეგებთან შეხვედრის დროსაც. ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებული ყურადღება ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე გამახვილდა.
ბოლო ორი დღის განმავლობაში გამართული შეხვედრები ქართული მხარისთვის კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ შეცვლილი მსოფლიო წესრიგის ფონზე სწორი კავშირები და ნაბიჯები გადამწყვეტია.
სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეა მეორე დღეა მიმდინარეობს. შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას ხვალ მასპინძელი ქვეყნის - თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების წარმომადგენლებთან შეხვედრები აქვს დაგეგმილი.