რეზონანსი
16.04.2026

„ვაიმარის სამკუთხედის“ დელეგაცია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ოპოზიციას ხვდება.

როგორც ცნობილია, ოპოზიციური სპექტრიდან შეხვედრაზე იმყოფებიან „ლელო - ძლიერი საქართველოს“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ოპოზიციური ალიანსის“ წარმომადგენლები.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომლებიც პირდაპირ ქმნიან პოლიტიკას ამა თუ იმ სახელმწიფოსთან მიმართებით, „დიდი შანსია, რომ პროტესტის ხმა გავაგონოთ“.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპული კავშირი დაინტერესებულია საქართველოში კრიზისის დადებითად გადაწყვეტით, ანტიდემოკრატიული ვითარების შეცვლით და ისეთი ტიპის ვითარების მიღწევით, რომელშიც ქართველი ხალხის დემოკრატიული უფლებები დაცულია. შესაბამისად, იმ ადამიანებთან შეხვედრა, რომელიც პირდაპირ ქმნიან პოლიტიკას ამა თუ იმ სახელმწიფოსთან მიმართებით, დიდი შანსია, რომ პროტესტის ხმა გავაგონოთ“, - განაცხადა გეგელიამ.

„ოპოზიციური ალიანსის“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იქნება საქართველოში არსებულ სიტუაციაზე.

„შეხვედრაზე საუბარი იქნება საქართველოში არსებულ სიტუაციაზე. მე როგორც ალიანსის წარმომადგენელი საუბარს ვაპირებ იმაზე, რა არის ალიანსის გეგმები, როგორ ვაფასებთ სიტუაციას და როგორ ვხედავთ აქედან გამოსავალს... ვფიქრობ, მთავარი ამბავი არის მოქალაქეების მობილიზაცია და მათი დარწმუნება იმაში, რომ ამ რეჟიმს მხოლოდ ადამიანების დიდი რაოდენობა დაამარცხებს. თუ ყველა ერთ მუშტად დავდგებით“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციის წევრები: გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ნიკლას ვაგნერი, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ბრის როკფეისი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაიკლ გიერგონი.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ვაიმარის სამკუთხედის“ დელეგაცია ადმინისტრაციის უფროსს, ლევან ჟორჟოლიანს შეხვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×