რეზონანსი
16.04.2026

ყველაზე კარგად თვითონ იციან, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩაეხერგათ ევროპული ინტეგრაციის გზა - ერთი ნაბიჯი მაინც გვანახონ, სადაც ისინი იყვნენ კონსტრუქციულები, ბევრზე არ არის საუბარი, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც ევროინტეგრაციის საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენას გამოეხმაურა.

როგორც ფავლენიშვილმა აღნიშნა, „არაადეკვატურია თვითონ ეს რეჟიმი და მისი ყველა წარმომადგენელი“.

„ერთადერთი მათ რაც დარჩენიათ პროპაგანდისტულად, არის მტკნარი სიცრუის თქმა. 2024 წლიდან რომ დავიწყოთ, ისეთი კანონი მიიღეს, რომელზეც იცოდნენ საერთაშორისო რეაქცია, ადგილობრივი, ქართული საზოგადოების რეაქცია. იცოდნენ, რომ ეს კანონი იყო აბსოლუტურად მიუღებელი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის, გამოიწვევდა პოლარიზაციას, ესკალაციას. იძახდნენ მშვიდობას უნდა გავუფრთხილდეთო და თვითონ მოაწყვეს კრიზისი ხელოვნურად. მერე ორკესტრირებულად დაიწყეს ადამიანების ცემა, ჟურნალისტებისთვის, აქტივისტებისთვის, პოლიტიკოსებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. გამიზნულად მიიღეს კანონები, რომელიც შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან.

ყველაზე კარგად თვითონ იციან, რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩაეხერგათ ევროპული ინტეგრაციის გზა. ერთი რეკომენდაცია მანახეთ, რომელიც შეასრულა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა, საარჩევნო, ან სასამართლო მიმართულებით. ვენეციის კომისიის რომელიმე დასკვნა მანახეთ, რომელიც ბოლო პერიოდში იქნა შესრულებული. ან რომელიმე ისეთი ნაბიჯი, რომელიც ოდნავ მაინც თანასწორობისა და სამართლიანობის განცდას გააღვივებდა საერთაშორისო პარტნიორებში. აქეთ მხარეს რომ ათეულობით პოლიტიკური პატიმარი გვყავს და იქით მხარეს, ერთი კაციც არ დაუჭერიათ, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით როგორ მოსაკლავად იმეტებდნენ ადამიანებს. ამიტომ ამ ადამიანებისგან საუბარი იმაზე, რომ თითქოსდა ოპოზიციის ბრალია რაიმე, არის აბსოლუტურად არაადეკვატური. ერთი ნაბიჯი მაინც გვანახონ, სადაც ისინი იყვნენ კონსტრუქციულები, ბევრზე არ არის საუბარი.

როცა საგარეო პოლიტიკას ვეხებით, ქვეყანა, რომელიც ომის პარტიას, „დიფ სტეიტს“ უწოდებს და მთავარ დამნაშავეს ყველა კონფლიქტში, მათ შორის ჩვენს რეგიონში, კოლექტიურ დასავლეთს, რა ნამუსით უნდა საუბრობდნენ იმაზე, რომ ევროპული ინტეგრაციის კუთხით რაიმეს აკეთებენ?! ამ ადამიანებს იცით რისი პოლიტიკური თქმის თავი არ აქვთ, რომ არ არიან ევროპელები და არიან ანტიევროპელები. სინამდვილეში, „ქოცების“ ქსელი რომაა „ნეიტრალური საქართველო“ და ა.შ. ეს ხალხი უფრო თამამად იძახის და მათ უფრო ათქმევინებენ ხოლმე რეალურ „ქოცურ“ მესიჯებს, ევროკავშირი არ გვჭირდება, რომ ჩვენ ევროპა არ ვართ და ა.შ. სინამდვილეში ამას ფიქრობენ და აკეთებენ „ქოცები“, უბრალოდ საჯარო დეკლარირებას ვერ ახდენენ, იმიტომ, რომ სჭირდებათ ეს კამუფლაჟი“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ საქართველოს „ევროინტეგრაციის კუთხით ყველაფერი რომ გაეკეთებინა უკრაინის მსგავსად იქნებოდა“. ფავლენიშვილის შეფასებით, „ეს პოლიტიკური სატირის ჟანრია“.

„მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც შეიძლება არსებობდეს ასეთი ნიუსი, რომ ევროპული ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელი პარლამენტში ამბობდეს ევროპული ინტეგრაციის გზაზე წარმატებული რომ ვყოფილიყავითო, ქვეყანა იქნებოდა დანგრეულიო. ეს ახლა ნორმალური სახელმწიფოა? ნორმალური ე.წ. პარლამენტია? ნორმალური ქვეყანაა? ევროპული ინტეგრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყანა იქნებოდა დანგრეულიო, ევროპული ინტეგრაციის გზაზე წარმატებული რომ ვყოფილიყავითო. ევროპულ ინტეგრაციას რაღატომ ხელმძღვანელობს ეს ადამიანი, თუ დამანგრეველია ჩვენი ქვეყნისთვის. მე მიმაჩნია, რომ კარგია ჩვენი ქვეყნისთვის. ევროპაში რატომ უნდა უნდოდეთ საქართველოში ომი? ვერც ერთხელ ვერ ახსნეს ეს. მთავარია ყველამ გავითავისოთ, რომ თუ ჩვენ პარტნიორი არ გვეყოლება, მეგობარი არ გვეყოლება და რუსეთის ამარა დავრჩებით, რუსეთი ჩაგვყლაპავს. რუსეთს კეთილი ნება ჩვენთან მიმართებით არ გააჩნია“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.

გარდა ამისა, მან გადაცემაში სტუმრობისას ისაუბრა იმაზეც, არსებობს თუ არა საქართველოსა და უნგრეთს შორის პოლიტიკური მსგავსება და განსხვავება იმ ფაქტიდან გამომდინარე, რაც უნგრეთში ჩატარებულმა ბოლო საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა. ფავლენიშვილის განცხადებით, ამ ორ მაგალითს შორის უამრავი განსხვავება არსებობს, თუმცა არსებობს მსგავსებებიც.

„ორბანი ყოველთვის იყო პოლიტიკური წიაღიდან გამოსული ადამიანი. პოლიტიკოსი იყო. 80-იანი წლების მიწურულს იყო სტუდენტური მოძრაობის ლიდერი, 90-იან წლებში რეფორმებისთვის მებრძოლი ახალგაზრდა პოლიტიკოსი. ივანიშვილი 80-90-იან წლებში იყო რუსულ უშიშროებასთან დაახლოებული ოლიგარქი. ეს განსხვავება არსებობს ამ ორ ადამიანსა შორის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება არის ის, რომ მადიარს შეეძლო თავისუფლად ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია და „ნაციონალური მოძრაობის“ აზრით ვინცაა ივანიშვილის მთავარი ოპონენტი, მიხეილ სააკაშვილი, მას ამის უფლება არ გააჩნია. ლევან ხაბეიშვილსაც არ გააჩნია, ირაკლი ნადირაძესაც. უამრავი განსხვავება არსებობს ამ ორ მაგალითს შორის. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცები არ ვისწავლოთ. მსგავსებებიც არსებობს. ფარისევლობა მგონია საუბარი იმაზე, ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, რომ თურმე უნგრეთში რადგან მოხდა, საქართველოში მოხდება. თუმცა ყველაფერი შეგვიძლია ვისწავლოთ. მადიარი ძალიან სწორად პოზიციონირებდა. ის იყო უნგრელი, იყო ნაციონალისტი თუ კონსერვატორი უნგრელი, არ დაუტოვა ეს ნიშა ორბანს, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნურად ირგებდა ამ ნიშას. მაგრამ როცა არჩევნები არ ტარდება ამ ქვეყანაში, გვიწევს არჩევნებისთვის ბრძოლა“,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×