რეზონანსი
15.04.2026

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ოპოზიციას აქვს რესურსი, არჩევნების გზით დაამარცხოს „ქართული ოცნება“, თუმცა ამისთვის აუცილებელია სწორი სტრატეგია და მობილიზება.

როგორც კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, არჩევნები არის ერთადერთი სწორი და მშვიდობიანი გზა ხელისუფლების შესაცვლელად.

„უნგრეთში პოლიტიკის კეთება მარტივი არ ყოფილა. ვიქტორ ორბანმა, როგორც ავტორიტარმა, 16 წლის განმავლობაში პოლიტიკური ველიდან გააქრო პარტიები. გაანადგურა ფინანსურად, პოლიტიკურად გააქრო კრიტიკული მედია, ამიტომ იმის თქმა, რომ უნგრეთში ოპოზიციური საქმიანობის წარმოება არის მარტივი, ასე არ არის. უნგრეთში პოლიტიკის კეთება მარტივი არასდროს ყოფილა.

ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევნების გზით ივანიშვილის დამარცხება არის ერთადერთი სწორი გზა, რომლითაც შეიძლება ივანიშვილის ხელისუფლება შევცვალოთ. რატომ ვამბობთ ამას, ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობაც, კეთილდღეობაც და ეს ყველაფერი ხელისუფლების ცვლილებასთან არის დაკავშირებული“,- განაცხადა კუპრაძემ.

ოპოზიციურ სპექტრზე საუბრისას, კუპრაძემ ბოიკოტის პოლიტიკა შეცდომად შეაფასა და განაცხადა, რომ არჩევნებისადმი უნდობლობის გაღვივება ხელისუფლების ინტერესებში შედის.

„ვერც ერთი ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ვერ გვასწავლის ჭკუას როგორ მივიღოთ გადაწყვეტილებები. „ლელო“ არის ის პარტია, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ასაკრძალთა სიაში ჰყავს შეყვანილი. „ლელო“ არის ის პარტია, რომლის ლიდერები საპატიმროებში ისხდნენ და კიდევ ახალი ბრალი აქვთ წაყენებული (მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეს). თავის მხრივ, დღეს გვყავს სამი პოლიტიკური პატიმარი. ამ ვითარებაში ჩვენ საკუთარ მხრებზე და თავზე ვიცით რას ნიშნავს რეპრესია „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს ვერ გვათქმევინებს უარს იმაზე, რაც არის სწორი. სწორია - სამართლიანი არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ამ ვითარებაში იმ ეჭვის გაღვივება, რომ არჩევნები არ არსებობს, ბიძინა ივანიშვილი უძლეველია - არის ბიძინა ივანიშვილის სასარგებლო საქმე. ამ ვითარებაში, როგორ შეიძლებოდა ის, რაც გააკეთეს - ივანიშვილის და 20%-იან კალაძეს აჩუქეს დედაქალაქი. ჩვენ ვსაუბრობდით საერთო კანდიდატზე. იმისთვის,რომ გავიგოთ რა უნდა გავაკეთოთ მომავალში, გუშინდელ დღეს უნდა გადავხედოთ და დავინახოთ რა შეცდომები დავუშვით. შეცდომა იყო ბოიკოტი, არჩევნების რწმენის დაკარგვა საზოგადოებაში“,- განაცხადა კუპრაძემ.

კუპრაძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ „ლელო“ „ქართული ოცნების“ დამარცხებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პროცესში, მხოლოდ ერთი პარტიის ძალისხმევა საკმარისი არ იქნება და საჭიროა ფართო ოპოზიციური ერთობა და კოორდინაცია.

„ოპოზიციას შესწევს ძალა არჩევნების გზით დაამარცხოს ივანიშვილი. „ლელო“ ამ ბრძოლაში იქნება მთავარი და გადამწყვეტი, თუმცა „ლელოს“ ძალისხმევა არ იქნება საკმარისი, ისევე როგორც 2025 წელს არ იყო საკმარისი. არც ხვალ შეიძლება იყოს საკმარისი და ამას მობილიზება სჭირდება,სტრატეგიულად სწორი გადაწყვეტილების მიღება, რომ არჩევნები არის სწორი, მშვიდობიანი , სწორი სახელმწიფოებრივი გზა“,- განაცხადა კუპრაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×