
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მხარეებმა ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.
სამხარაძის განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ინტეგრაციის მიმდინარეობა და არსებული დაბრკოლებები.
„შევხვდით ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარეს, სადაც ევროინტეგრაციის პროცესზე ვისაუბრეთ. ჩვენ გავცვალეთ ინფორმაცია, რა ხდება საქართველო-ევროკავშირს შორის, როგორ მიმდინარეობს ინტეგრაციის პროცესი და რა დაბრკოლებებს ვაწყდებით. ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარემ გაგვიზიარა უახლოესი ინფორმაცია, რა ხდება მათ შემთხვევაში. აღსანიშნავია ისიც, რომ, სამწუხაროდ, ჩრდილოეთ მაკედონია, საქართველოს მსგავსად, წინ ვერ მიიწევს. შეიძლება, სხვადასხვა მიზეზები იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე ქვეყანა ამ დროისთვის ევროინტეგრაციის გზაზე წინ ვერ მიიწევს და ამაში უსამართლო დამოკიდებულებას ვხედავთ ბრიუსელის მხრიდან საქართველოს მიმართ. შეიძლება ითქვას, ჩრდილოეთ მაკედონიაც უსამართლოდ იჩაგრება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ მაკედონიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა შედგა თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომის ფარგლებში. დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.