
უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულმა და ქვეყნის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა, ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერს, ვიქტორ ორბანს, მაისში თანამდებობის დატოვებამდე უკრაინისთვის 90 მილიარდ ევროიან სესხზე ვეტოს მოხსნისკენ მოუწოდა.
ფინანსურ სქემაზე ევროკავშირის 27-ვე ლიდერი დეკემბერში შეთანხმდა, თუმცა თებერვლის შუა რიცხვებში ორბანმა სამართლებრივი პროცედურის დასაბლოკად ვეტო გამოიყენა. ამის მიზეზი კიევთან არსებული დავა გახდა, რომელიც „დრუჟბას“ მილსადენს ეხება - სწორედ ამ მილსადენით მიეწოდება უნგრეთს დაბალ ფასად ნავთობი რუსეთიდან.
„ვიქტორ ორბანმა დეკემბერში დაამტკიცა სესხი, თუმცა კამპანიის დროს აცხადებდა, რომ სანამ ნავთობი არ იქნება, მანამდე არც ფული იქნება“, - განაცხადა მადიარმა ოთხშაბათს, 2024 წლის შემდეგ უნგრეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან პირველი ინტერვიუს დროს.
მადიარმა მიუთითა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებზე, რომელმაც მიმდინარე კვირას აღნიშნა, რომ მილსადენის შეკეთება თვის ბოლომდეა შესაძლებელი - „არა სრულად, მაგრამ ფუნქციონირებისთვის საკმარისად“. ინფრასტრუქტურა იანვარში რუსული დრონების თავდასხმის შედეგად სერიოზულად დაზიანდა.
მადიარმა აღნიშნა, რომ ნავთობის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება უნგრეთისთვის და მიანიშნა, რომ ახლო მომავალში რუსული ნავთობის შესყიდვის გაგრძელებას გეგმავს.
„მომდევნო 30 დღის განმავლობაში ორბანის მთავრობა კვლავ აღმასრულებელი ხელისუფლების სტატუსით მოქმედებს. ამიტომ ვფიქრობ, თუ „დრუჟბა“ მუშაობას განაახლებს, ვიქტორ ორბანი თავის ტექნიკურ ვეტოს გააუქმებს“, - დასძინა მადიარმა.