
9 ნაბიჯი არასდროს არავის განუსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად. დღეს, 9 ნაბიჯიდან ბევრი დებულება უკვე არარელევანტურია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლილსას, სადაც ის ინტერპელაციის წესით იმყოფება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის მხრიდან საქართველოსადმი ორმაგი სტანდარტების გამოყენება და განსაკუთრებულად მძაფრი კრიტიკული დამოკიდებულება ყველასთვის თვალშისაცემი რეალობაა, საქართველოს შეფასებაში მაინც თვალნათლივ ჩანს, თუ რამდენად წინ არის საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების დაკმაყოფილების თვალსაზრისით.
„რაც შეეხება ე.წ. 9 ნაბიჯს და მის შესრულებას. აღსანიშნავია, რომ 9 ნაბიჯი არასდროს არავის განუსაზღვრავს საქართველოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობად. დღეს, 9 ნაბიჯიდან ბევრი დებულება უკვე არარელევანტურია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებისთვის, თუმცა აქვე შეგახსენებთ, რომ 9 ნაბიჯის ფარგლებში გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია არაერთხელ მომზადდა და გაეცნო ევროკავშირის მხარეს, ამ ინფორმაციის მოპოვება ახლაც შეგიძლიათ აქვე, ევროინტეგრაციის კომიტეტში. ამასთან, შეგიძლიათ გაეცნოთ ევროკომისიის 2024 წლის გაფართოების ანგარიშს, რომელიც აფასებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. აღნიშნული ანგარიში იძლევა შესაძლებლობას გაკეთდეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესის შედარებითი ანალიზი.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის მხრიდან საქართველოსადმი ორმაგი სტანდარტების გამოყენება და განსაკუთრებულად მძაფრი კრიტიკული დამოკიდებულება ყველასთვის თვალშისაცემი რეალობაა, საქართველოს შეფასებაში მაინც თვალნათლივ ჩანს, თუ რამდენად წინ არის საქართველო სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების დაკმაყოფილების თვალსაზრისით. სწორედ ამ პროგრესის მიჩქმალვის სურვილით აიხსნება ის ფაქტი, რომ 2025 წელს გაფართოების ანგარიშის მომზადებისას ევროკომისიამ უარი თქვა საქართველოს შეფასებაზე ყველა პრაქტიკული მიმართულებით, სადაც კი შესაძლებელი იყო საქართველოს პროგრესის ჩვენება, რაც მიუხედავად გაუთავებელი კრიტიკისა კიდევ ერთხელ დაამტკიცებდა, რომ საქართველო ბევრად უფრო წინ არის, და მეტადაა მზად თუნდაც მოლაპარაკებების დასაწყებად ვიდრე მოლდოვა და უკრაინა.
2025 წლის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ოფიციალური განცხადება 2025 წლის 4 ნოემბერს და დააფიქსირა მკვეთრი პოზიცია. ევროკავშირის გაფართოების მორიგი ანგარიშის მომზადების კონტექსტში მ/წლის აპრილში ევროკომისიას წარვუდგენთ ინფორმაციას საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრესის შესახებ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ასოცირების შეთანხმების შესრულებას სამოქმედო გეგმების შესაბამისად (ბოლო ასეთი გეგმა დამტკიცდა 2025 წლის 12 აგვისტოს). ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ.
ანგარიშთან ერთად ევროკომისიას წარედგინება ის შენიშვნები და კომენტარები, რომელიც ქართულ მხარეს გააჩნია 2025 წლის გაფართოების ანგარიშის უსაფუძვლო შეფასებებთან და არაობიექტურ დასკვნებთან დაკავშირებით. ერთადერთი საკითხი, რომელსაც აქ შევეხები, როგორც ჩვენთვის პრობლემურ თემას ევროკომისიის შეფასებების კონტექსტში, რომელიც ხშირად ჟღერდება და მომავალშიც გაჟღერდება, ეს გახლავთ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრა, რომელიც ხშირად მხოლოდ ევროკავშირის განცხადებებზე მიერთების სტატისტიკით იზომება.
ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობის, რუსეთის მიერ ჩვენი ორი რეგიონის ოკუპაციიდან გამომდინარე უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენ გვმართებს გამორჩეული სიფრთხილე ნებისმიერი პროცესის შეფასებისას და მით უმეტეს კონკრეტული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისას. ჩვენ ვერასდროს დავუშვებთ, რომ უბრალო სტატისტიკის გაუმჯობესების სურვილით, დამატებითი საფრთხე შევუქმნათ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. შესაბამისად, საქართველოს, ვიდრე ის არ გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, გაუჭირდება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან სრულ თანხვედრაში ყოფნა.
9 ნაბიჯის კონტექსტში აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ის ასევე ეხებოდა საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის ჩართულობას. მასში საუბარი იყო არჩევნებზე, შესაბამისად, როდესაც ეძებთ 9 ნაბიჯის შესრულებაზე პასუხისმგებლებს, ოპოზიცია არ უნდა გაექცეს თავის წილ პასუხისმგებლობას. არჩევნების ,,არაღიარების“ უსაფუძვლო პოლიტიკით და ოპოზიციის მიერ დემოკრატიულ პროცესზე უარის თქმით, საფუძველი მიეცა ევროპულ ბიუროკრატიას ესაუბრა ე.წ. ,,დემოკრატიულ უკუსვლაზე“, რის გამოც მაგალითად ქალბატონმა კაია კალასმა 2025 წლის 20 ოქტომბერს საქართველო არ მოიწვია დაკავშირებადობის მინისტერიალზე, რომელზეც მიწვეული გახლდათ ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყნის, სომხეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. მეორე მხრივ, ღიმილის მომგვრელია ეს პარადოქსული მიდგომა, ქვეყანა, რომელიც დღეს ევროკავშირისთვის არის უალტერნატივო ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებადობის თვალსაზრისით არ მოიწვიო მოლაპარაკებების მაგიდასთან“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.