რეზონანსი
15.04.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვანის საქმის განხილვა მიმდინარეობს. დღეს პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. ერთ არასრულწლოვანს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადება, მეორეს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა. ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ანი ნასყიდაშვილის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებას და არ თვლის, რომ დანაშაული ჩაიდინა. 

„როგორც ანი ნასყიდაშვილის ადვოკატებს, დაცვის მხარეს კითხვები გვექნება საქმის მთავარ გამომძიებელთან, რათა კიდევ ერთხელ გამოკვეთოს ის გარემოებები, რომ ანი ნასყიდაშვილს არ ჩაუდენია მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. არ აღიარებს მისთვის ბრალად წარდგენილ ქმედებას, იქიდან გამომდინარე, რომ იგი არ თვლის, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. ამ შემთხვევაში, დადასტურდება, რომ მან ნამდვილად იცოდა, რომ მზადდებოდა ან ჩადენილი იყო, რაც ბრალად აქვს წარდგენილი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული“, - აცხადებს ანი ნასყიდაშვილის ადვოკატი.

ბრალდების მხარე კი ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება ისეთი უტყუარი მტკიცებულება, როგორიც არის ალექსანდრე გაბაშვილსა და ანი ნასყიდაშვილს, ანუ ამ ორ ბრალდებულს შორის არსებული მიმოწერა. 

„ნასყიდაშვილთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმეში მოიპოვება ისეთი უტყუარი მტკიცებულება, როგორიც არის ალექსანდრე გაბაშვილსა და ანი ნასყიდაშვილს, ანუ ამ ორ ბრალდებულს შორის არსებული მიმოწერა. მიმოწერა არის იმდენად ვრცელი და შინაარსიანი, რომ ცალსახად დგინდება თუ როგორ საუბრობენ მოსალოდნელ თავდასხმასთან დაკავშირებით ბრალდებულები. შესაბამისად, თავის მართლება იმით, რომ ანი ნასყიდაშვილმა მომავალ თავდასხმასთან დაკავშირებით არაფერი იცოდა, არის უსაფუძვლო მცდელობა დაცვის მხარის, რომ გაამართლოს რამით თავის დაცვის ქვეშ მყოფი პირი“, - აცხადებს პროკურორი ქეთევან სონიძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×