რეზონანსი
13.04.2026

სისხლიანი ანგარიშსწორება აღდგომის ღამეს - როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, სოფელ ნიჩბისში, 53 წლის კაცის სიკვდილის მიზეზი აღდგომის ღამეს სუფრაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა. 

სოფლის მაცხოვრებლების თქმით, გარდაცვლილი კაცისთვის სასწრაფო გამოიძახეს, ის სასწრაფოს ექიმებს არ გაჰყვა, მათი წასვლის შემდეგ კი 53 წლის კაცი კიდევ სცემეს და გარეთ დატოვეს. 

"ზემონიჩბელი იყო ის ბიჭი, ვინც მოკლეს და ესენი კი აქ მაცხოვრებლები. სახლში ჰყავდათ, სახლში უქეიფიათ ერთად და რა მოხდა მერე არ ვიცი. ჯერ მაგრად უცემიათ და მერე სასწრაფო რომ მოსულა, სასწრაფოს არ გაჰყოლია ეს ბიჭი და სასწრაფო რომ წავიდა მერე კიდევ უცემიათო. როგორც ლაპარაკობენ, გამოუყვანიათ და გარეთ დაუგდიათ, მერე ვიღაცას უპოვნია და უკვე მკვდარი იყოო. 

ძმები იყვნენ და ბიჭიო ამ ერთ-ერთისა. რა მოხდა მართლა არ ვიცი, ძალიან უბედურება კი მოხდა, რომ კაცი მოკლეს ცემაში. კი, როგორ არ ვიცნობთ [დაკავებულს], აქ ცხოვრობდნენ, მაგრამ ამჟამად თბილისში  იყვნენ, აქ არ იყვნენ, თბილისში ცხოვრობდნენ. 

ცემაში შემოაკვდათ, ძალიან ნაცემი იყოო და ალბათ ისეთ ადგილას დაარტყეს, რომ მოკვდა," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

ამ დროისთვის, მომხდარის გამო 43 წლის თეიმურაზ კალატოზიშვილია დაკავებული. ის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება. იგი ცოტა ხნის წინ მისმა უფლებადამცველმა მოინახულა. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ გარდაცვლილ კაცთან შეხება საერთოდ არ ჰქონია. 

„დაკავებისას განუმარტეს , როგორც ბრალდებულს მისი უფლება-მოვალეობანი და თუ რა შესაძლო დანაშაულისთვის აკავებდნენ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს წარმოდგენილ ბრალდებაში და  როგორც აცხადებს, რაიმე განზრახ ქმედებას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია და საერთოდ უარყოფს ამ ადამიანთან შემხებლობას. არ იცნობდა, ზოგადად შორიდან იცნობდა და იმ დღეს, ანუ გუშინწინ შეხვდა და მხოლოდ მისალმება იყო მათ შორის. იცის, რომ თანასოფლელია, მაგრამ მასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია, გარდაცვლილთან. 

დაკავების მომენტში განუმარტეს, რომ იყო გარდაცვლილი ადამიანი და დეტალები მისთვის უცნობია, თუ რა მოხდა და რამ გამოიწვია პიროვნების გარდაცვალება. აქვს მოლოდინი, რომ ჩატარდება ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება და დადგინდება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. 

ჯერ დეტალებს არ ვიცნობ საქმის მასალებში, რა ინფორმაცია აქვთ საგამოძიებო ორგანოებს დაცვის მხარისთვის ამ ეტაპზე უცნობია," - ამბობს ადვოკატი. 

წყარო: ტვ პირველი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×