მარიამ ვეკუა
13.04.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ირანის პორტების ბლოკადის გამოცხადებამ და ჰორმუზის სრუტის გარშემო მზარდმა სამხედრო და დიპლომატიურმა დაპირისპირებამ გლობალური ენერგეტიკული ბაზრები და საერთაშორისო პოლიტიკა ერთდროულად ააფეთქა - ნავთობის ფასი 100 დოლარს გადასცდა, ბაზრებზე ვარდნა დაფიქსირდა, ხოლო მსხვილი სახელმწიფოები და ნავთობის ტრანსპორტირების კომპანიები შესაძლო ესკალაციისთვის ემზადებიან.

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის პორტების ბლოკადა ორშაბათს, აღმოსავლეთის დროით 10:00 საათზე დაიწყება.

აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის 2022 წლის სახელმძღვანელოში საზღვაო ოპერაციების სამართლის შესახებ ბლოკადა განიმარტება, როგორც „საომარი მოქმედება, რომლის მიზანია ყველა ქვეყნის, როგორც მტრული, ისე ნეიტრალური გემებისა და/ან საჰაერო ხომალდებისათვის კონკრეტულ პორტებში, აეროდრომებსა თუ სანაპირო ზონებში შესვლისა და გამოსვლის აღკვეთა, რომლებიც ეკუთვნის, ოკუპირებულია ან კონტროლდება მტერი სახელმწიფოს მიერ."

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა როგორც ჩანს, სწორედ ამ მიდგომას მიჰყვება და აცხადებს, რომ ოპერაცია იქნება „განხორციელებული მიუკერძოებლად ყველა ქვეყნის გემების მიმართ, რომლებიც ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებში შედიან ან ტოვებენ მათ, მათ შორის სპარსეთის ყურისა და ომანის ყურის ყველა ირანულ პორტში."

თუმცა, მათივე განცხადებითვე, აშშ-ის ძალები არ შეაფერხებენ იმ გემების გადაადგილებას, რომლებიც არაირანულ პორტებში მიემართებიან ან იქიდან გამოდიან, ხოლო კომერციული გემების ეკიპაჟები ბლოკადის დაწყებამდე ოფიციალურ შეტყობინებას მიიღებენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სრუტის ბლოკადაში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან, თუმცა, არ დაუკონკრეტებია თუ რომელი ქვეყნები იგულისხმა. თუმცა, ბიბისის ინფორმაციაზე დაყრდნობით, დიდი ბრიტანეთი ამ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამის ფონზეც, ირანის პოზიცია უცვლელია, კვირას გაკეთებული ტრამპის პირველი განცხადების შემდეგ, ირანის ისლამურმა რევოლუციურმა გვარდიამ განაცხადა, რომ სრუტისკენ მიმავალი ნებისმიერი სამხედრო ხომალდი შეთანხმების დამრღვევად ჩაითვლება და მას „მკაცრი და გადამწყვეტი" პასუხი გაეცემა, რაც ესკალაციის სერიოზულ რისკებზე მიუთითებს.

  • კირ სტარმერი: „ჩვენ ბლოკადას არ ვუჭერთ მხარს და მიუხედავად ზეწოლისა, რომელიც ნამდვილად არსებობს, ომში არ ჩავერთვებით

ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა ორშაბათს განაცხადა, რომ საერთაშორისო წყლებში გემების გადაადგილებაზე აშშ-ის მიერ დაწესებული შეზღუდვები უკანონოა და „მეკობრეობას უტოლდება".

მისივე თქმით, აშშ-ის მხრიდან ჰორმუზის სრუტის ბლოკადის მუქარის ფონზე, სრუტის კონტროლის მიზნით ირანი „მუდმივ მექანიზმს" აამოქმედებს

სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ სპარსეთის ყურის პორტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ან ყველასთვის, ან საერთოდ არავისთვის. მისი თქმით, თუ ირანის პორტებს საფრთხე დაემუქრება არცერთი პორტი, სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეში უსაფრთხო აღარ იქნება.

კომპრომისებზე ისევ არ ფიქრობს ისრაელი. ისრაელის სამხედროებმა ორშაბათს განაცხადეს, რომ სამხრეთ ლიბანში, ბინთ ჯბეილის რაიონში, მიზნობრივი სახმელეთო ოპერაციები დაიწყეს

მიუხედავად იმისა, რომ ირანი და პაკისტანი ამტკიცებენ, თითქოს პაკისტანის შუამავლობით მიღწეული დროებითი ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც გასულ კვირას ამოქმედდა, ლიბანსაც მოიცავდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, განაცხადა, რომ „ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა არ არსებობს" და ისრაელი „ჰეზბოლაზე სრული ძალით დარტყმებს" გააგრძელებს.

"სიმშვიდე და კონსტრუქციულობა"

ორშაბათს ჩინეთმა ყველა მხარეს სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ომამდე ირანის ნავთობის ექსპორტის ძირითადი ნაწილი ჩინეთში იგზავნებოდა, აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ნედლი ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია.

„ჩინეთი იმედოვნებს, რომ შესაბამისი მხარეები დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებს დაიცავენ, შეინარჩუნებენ ერთგულებას დავების პოლიტიკურ to და დიპლომატიურ გზით მოგვარების მიმართ და თავიდან აიცილებენ საომარი მოქმედებების განახლებას" - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გუო ჯიაკუნმა.

მისივე თქმით, ჩინეთი მზად არის, კრიზისის მოგვარების პროცესში „დადებითი და კონსტრუქციული როლი" შეასრულოს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერი კი ამბობს, რომ მიუხედავად არსებული ზეწოლისა, დიდი ბრიტანეთი არც ირანთან ომში ჩაერთვება და არც ჰორმუზის სრუტის ბლოკადას დაუჭერს მხარს. „ჩვენ ბლოკადას არ ვუჭერთ მხარს," - განაცხადა მან.

სტარმერის თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრუტე სრულად გაიხსნას , ბოლო კვირების განმავლობაში სწორედ ამ მიმართულებით მივმართეთ ჩვენი ძალისხმევა და ამ კურსს გავაგრძელებთ."

პრემიერმა აღნიშნა, რომ რეგიონში ბრიტანეთს განაღმვის ხომალდები ჰყავს, თუმცა ოპერაციულ დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობები სრუტის სრულად გახსნისკენ არის მიმართული.

„ჩემი გადაწყვეტილება ძალიან მკაფიოა, მიუხედავად ზეწოლისა, რომელიც ნამდვილად არსებობს, ჩვენ ომში არ ჩავერთვებით," -განაცხადა მან.

 

როგორ აისახება ბლოკადა ნავთობის ფასსზე?

გლობალური გადაზიდვების გიგანტი, ჰაპაგ-ლოიდი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რთულია შეფასდეს, რა გავლენას მოახდენს აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა, თუმცა მანამ, სანამ რეგიონში ნაღმებია, ამბობს რომ სრუტის გამოყენება შეუძლებელია.

„მნიშვნელოვანია, რომ ჰორმუზის სრუტეში გადაადგილება რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს," - განაცხადა კომპანიის სპიკერმა ელექტრონული ფოსტით გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის შეფასებით, ნაღმების არსებობის პირობებში სრუტეში გავლა შეუძლებელია. ამასთან, ამ დროისთვის მსგავსი მარშრუტისთვის დაზღვევის მიღებაც მნიშვნელოვნად გართულებულია, - აღნიშნა სპიკერმა.

შაბათ-კვირას გამართული მოლაპარაკებების ჩაშლამ და დონალდ ტრამპის მუქარამ ირანული პორტებიდან გასული და იქ მიმავალი გემების ბლოკადის შესახებ, როგორც მოსალოდნელი იყო, ბაზრებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.ნავთობის ფასები მაღალ ნიშნულზე დარჩა - ბრენტის მარკის ნავთობი 7% -ით გაძვირდა და ბარელზე 102 დოლარს მიაღწია.

  • სიუზან სტირერი: "ინვესტორები უნდა მოემზადონ დამატებითი რყევისთვის"

საინვესტიციო კომპანია Wealth Club-ის მთავარი საინვესტიციო სტრატეგი, სიუზან სტირერი, აცხადებს: „ტრამპი ირანის სტრატეგიულ წერტილს აშშ-ის ზეწოლის ინსტრუმენტად აქცევს."

მისივე თქმით, ტრამპს აქვს პრაქტიკა, როცა კრიზისის დროს უკან იხევს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბაზრები პროცესზე ნეგატიურად რეაგირებენ, ამიტომ არსებობს იმედი, რომ ის ამჯერადაც, იგივე გზას აირჩევს და შეთანხმება კვლავ შეიძლება გადარჩეს. „თუმცა ამ დროისთვის ინვესტორები უნდა მოემზადონ დამატებითი რყევისთვის"- დასძინა სტირერმა.

ანალიტიკოსი საიმონ ჯეკის აზრით, უფრო ფართო სურათი მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ჩინეთზე დამატებითი ზეწოლის მცდელობას.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს ნავთობის დიდი მარაგები აქვს და მნიშვნელოვან მოცულობას რუსეთიდან იღებს, ირანი ჩინეთის ნედლი ნავთობის იმპორტის დაახლოებით 16%-ს უზრუნველყოფდა. ირანული ნავთობის დიდი ნაწილი, რომელიც ჰორმუზის სრუტეს გადიოდა, ჩინეთის მიმართულებით მიემართებოდა. ამ მიწოდების შეზღუდვამ შესაძლოა პეკინი აიძულოს, შეთანხმების მისაღწევად, ირანზე დამატებითი ზეწოლა მოახდინოს

ამასთან, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხანგრძლივი ბლოკადის შემთხვევაში ზიანდება, არის ბიზნესის ნდობა. დელოიტის ფინანსური დირექტორების (CFO) ნდობის ბოლო კვლევამ, რომელიც მარტის უმეტეს პერიოდს მოიცავს, აჩვენა, რომ წლის დასაწყისში აღდგენილი ბიზნეს-ოპტიმიზმი კვლავ შესუსტებულია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×