
Forbes Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის სიაში ქალების წილი საკმაოდ მცირეა - ასეულში მხოლოდ 12 ქალბატონი მოხვდა. თუმცა, მათი გავლენა ისეთ სტრატეგიულ სფეროებზე, როგორიცაა ნავთობტერმინალები, მშენებლობა, რითეილი და განათლება, შთამბეჭდავია.
ქალბატონების სიას ყველასათვის ცნობილი სახე, მაკა ასათიანი ხსნის, რომელიც რეიტინგში მე-12 ადგილს იკავებს.
სიაში ყველაზე ასაკოვანი წევრი 90 წლის ლაურა ლარიონია, ხატია გოგლიძე კი ერთადერთი რეიტინგში, რომლის მილიონების წყაროდაც განათლების სფეროა მითითებული.
მე-12 ადგილი - მაკა ასათიანი - 806,56 მლნ ლარი
მაკა ასათიანი და მისი ოჯახი ფლობენ "მერსედეს-ბენც ჯორჯიას“. გარდა ავტოინდუსტრიისა, ის მსხვილი მოთამაშეა ენერგეტიკაშიც - კომპანია "თრეიდ სთოუნ იბერიას“ მეშვეობით ის ყულევის ნავთობტერმინალის ოპერატორი კომპანიის 30%-იანი წილის მფლობელია.
22-ე ადგილი ნანა აროშიძე - 496,37 მლნ ლარი
ის ქალებს შორის მეორე ადგილზეა და სამშენებლო გიგანტის, "ანაგის“ 100%-იანი წილის მფლობელია. კომპანია, რომელიც ჯერ კიდევ 1989 წელს დაარსდა, დღეს ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერია.
47-ე ადგილს იკავებს დალი ურუშაძე - მისი ქონება 242,99 მლნ ლარად არის შეფასებული
დალი ურუშაძე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "რიკო ექსპრესის“ სრული მფლობელია. მისი ბიზნესი 56 ფილიალს აერთიანებს და ფინანსურ სექტორში ქალების მიერ მართული ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია.
59-ე ადგილს დასჯერდა ნინო ბრეგვაძე, 173,51 მლნ ლარით
ის პოპულარული სუპერმარკეტების ქსელის, "ევროპროდუქტის“ 50%-იან წილს ფლობს. კომპანია, რომელმაც ევროპული პროდუქტების იმპორტით დაიწყო, დღეს უკვე 40 ფილიალს მართავს.
66-ე ადგილზე გავიდა ნანა ჯანაშია, 150,42 მლ ლარით
ნანა ჯანაშია ფლობს 19%-ს კომპანია "ბეთლაივში“. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პლატფორმა აზარტული თამაშების ბაზარზე, რომელიც მომხმარებელს ონლაინტოტალიზატორისა და კაზინოს სერვისებს სთავაზობს. ის 44 წლისაა და ქალბატონებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდაა რეიტინგში.
75-ე ადგილზე გასულ ლაურა ლარიონის ქონება 121,56 მლნ ლარია
ქალბატონი ლაურა Forbes-ის სიის ყველაზე ასაკოვანი წარმომადგენელია – ის 90 წლისაა. ის ფლობს 38%-ს კომპანია "პეის ჯორჯიაში“ (Pace Georgia). ეს კომპანია 1993 წლიდან ოპერირებს და ფოთის პორტში ტვირთების გადაზიდვასა და მართვას ახორციელებს, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის სტრატეგიული სფეროა.
79-ე ადგილოსანი თალიკო ცირეკიძე 116,53 მლნ ლარის მფლობელია
86 წლის თალიკო ცირეკიძე "ნიკორას“ აქციების 10%-ს ფლობს. "ნიკორა“ დღეს საქართველოს უმსხვილესი სასურსათო ქსელია, რომელიც აერთიანებს ბრენდებს: "ლიბრე“, "ნუგეში“ და საკუთარი წარმოების ხორცპროდუქტებს. რეიტინგის მიხედვით, ეს ქვეყნის მე-4 ყველაზე შემოსავლიანი კომპანიაა.
84-ე ადგილზე მოხვდა ხატია გოგლიძე, მისი ქონება 106,11 მლნ ლარია
ხატია გოგლიძე სიაში ერთადერთი ქალია, რომლის ქონების წყაროდ განათლების სფერო სახელდება. ის ფლობს "კავკასიის უნივერსიტეტის“ აქციების 93%-ს და არის ამავე სასწავლებლის ვიცე-პრეზიდენტი. უნივერსიტეტი 1998 წელს მისმა მეუღლემ, კახა შენგელიამ დააარსა.
92-ე ადგილზე გასული თეა კაკაბაძის ქონება 91,45 მლნ ლარით განისაზღვრება
თეა კაკაბაძე 29%-იან წილს ფლობს კომპანია "ალტაში“ (Alta). 1997 წლიდან "ალტა“ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზრის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა და დღეს საქართველოს 7 ქალაქში 16 დიდ მაღაზიას მართავს.
93-ე ადგილოსანი ნანი ანდიაშვილია, 90,33 მლნ ლარით
"აი სი არ“ ჯგუფში (ICR) 25%-ის მფლობელია. ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგი სავაჭრო სფეროში, რომელიც 1995 წლიდან ოპერირებს და უამრავ საერთაშორისო ბრენდს (ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ავეჯი) აერთიანებს საქართველოს ბაზარზე.
98-ე ადგილზე გავიდა მაკა სალუქვაძე, 80,93 მლნ ლარით
ის "ნიკორას“ (სს "ნიკორა“) 6%-იანი წილის მფლობელია. საინტერესო ფაქტია, რომ "ნიკორა“ ის იშვიათი კომპანიაა Forbes-ის სიაში, რომლის მფლობელთა შორისაც ორი ქალია (თალიკო ცირეკიძე და მაკა სალუქვაძე).
99-ე ადგილით, ქალების სიას ირინე ქოსაშვილი ასრულებს, 80,60 მლ ლარით
ირინე ქოსაშვილი ფლობს "გუდვილის“ 95%-ს, რომელიც საქართველოში პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია. დღეს ქსელი თბილისსა და ბათუმში 8 დიდ ფილიალს აერთიანებს
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე