
ბრიტანეთის მთავრობამ ირანიდან თავისი პერსონალი გაიყვანა. განცხადების თანახმად, ეს დროებითი პრევენციული ღონისძიება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიმდინარე ვითარების გამო იყო მიღებული. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს. იერუსალიმში აშშ-ის საელჩოში კი აშშ-ის იმ თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომელთა ყოფნა ქვეყანაში გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, უსაფრთხოების რისკების გამო ისრაელის დატოვება დაევალათ.
„მოქალაქეებმა შესაძლოა განიხილონ ისრაელიდან გამგზავრება, სანამ კომერციული ფრენები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ბრიტანეთის საგარეო უწყებამ ეს განახლებული ინფორმაცია პარასკევს, აშშ-სა და ირანს შორის არსებული დაძაბულობის გამო გამოთქმული შეშფოთების ფონზე გაავრცელა.
„უსაფრთხოების კუთხით შექმნილი მიმდინარე ვითარების გამო, ჩვენ მივიღეთ პრევენციული ზომა ირანიდან ბრიტანელი პერსონალის დროებითი გამოყვანის შესახებ“, - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე, რომელიც უცხოეთში მოგზაურობის შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს.
„ჩვენი საელჩო მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.