
სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკაში იმშობიარა და ჩვილის მკვლელობა სცადა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურამ ქალს ბრალი შეუმსუბუქა და მას ახლა 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
"საქართველოს პროკურატურამ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დედას ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2026 წლის 22 თებერვალს, ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის საპირფარეშოში, ამავე კლინიკის სანიტარმა იმშობიარა, რის შემდეგაც მოკვლის განზრახვით, ახალშობილს სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და სამედიცინო ნარჩენების პოლიეთილენის პარკში მოათავსა. ახალშობილი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა" | ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში
ქალი ცოტა ხნის წინ დააკავეს - გამოძიება თავდაპირველად ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა, პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ მას ბრალი სსკ-ს 19.112-ე მუხლით წარედგინა, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ან 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობას ითვალისწინებს
ბათუმის კლინიკა მედინაში სანიტარმა კვირას გამთენიას საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს დაზიანებები მიაყენა. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, "არავის ეგონა, თუ ის გადარჩებოდა... გაკეთდა უნიკალური ოპერაცია. პროგრესი არის, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე რჩება"