
ეს არის პირდაპირ თავდასხმა ქართულ საზოგადოებაზე, როდესაც ზღუდავ ქართულ ტელევიზიებს. ბუნებრივია, ჩვენ ამას ვერ გავიზიარებთ ისევე, როგორც ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ამ გადაწყვეტილებას რაიმე წვლილი შეაქვს რუსეთის დასუსტებაში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან.
პასუხად ოპოზიციური მედიის კითხვაზე, რას ნიშნავს ის, რომ იგი არ იზიარებს ამ მოსაზრებას, მაკა ბოჭორიშვილმა მათ მიმართა: „თქვენ იზიარებთ, თქვენ ასე გგონიათ? რა დასკვნას აკეთებთ? მე მინდა, თქვენი ლოგიკა განავითაროთ ისე, რომ მიხვიდეთ რუსეთის დასუსტებამდე - [ამ გადაწყვეტილების] მიზნამდე. მიზანი ამ სანქციებისა რის ის, რომ დაასუსტონ რუსეთი. ახლა თქვენ მითხარით, „იმედის“ და „პოსტივის“ დასანქცირებით როგორ ხდება რუსეთის დასუსტება“.
„რა თქმა უნდა, ყველა კითხვა დავსვი ელჩთან და რა თქმა უნდა, ვთხოვე წარმოადგინოს ის მტკიცებულებები, რასაც ის აგზავნის ლონდონში იმისათვის, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული ქართული საზოგადოების წინააღმდეგ”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი განმარტებით, რეაგირების სხვა მექანიზმები საგარეო საქმეთა სამინისტროს არ აქვს.
„ჩვენი რეაგირების მექანიზმი არის ის, რომ ვთხოვოთ მეორე მხარეს წარმოადგინოს საფუძვლები, თუ რას ემყარება ის გადაწყვეტილებები, რაც იყო მიღებული ქართული საზოგადოების წინააღმდეგ”, - აღნიშნა მინისტრმა.
ბოჭორიშვილის განცხადებით, 40 წუთის განმავლობაში მას არ მოუსმენია არც ერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო ლონდონმა.
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც ის თავისუფელ მედიაზე დიდი ბრიტანეთის თავდასხმის გამო ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, კომენტარის გარეშე დატოვა.
როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.