
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია შპს „გემრიელიას“ წარმომადგენელმა ისაუბრა იმ სირთულეებზე, რომელსაც მისი კომპანია ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობისას აწყდება, სადაც მან უმთავრეს პრობლემად არაპროგნოზირებადი გადახდის პირობები გამოყო.
კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, შპს „გემრიელიას“ წარმომადგენელს დაუსვა დამაზუსტებელი კითხვები და ამავე დროს შესთავაზა ინსტიტუციური ჩარჩოს მოდელი, მისი პრობლემის აღმოფხვრასთან დაკავშირებით.
„ჩვენი მიზანია ინსტიტუციური ჩარჩო შევიმუშაოთ ისეთი, რომელიც თავად ამ ჯაჭვს გახდის გამჭვირვალეს, პროგნოზირებადს, რომ თითოეული რგოლისთვის იყოს გასაგები რას აკეთებს და მესამე, რა თქმა უნდა, რომ კონკურენცია გავაჯანსაღოთ. ასეთი სამი მოცემულობა თუ მოგვცემს შედეგს, თქვენ რას ფიქრობთ?“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
მწარმოებლის განცხადებით, ქსელური მარკეტის მიერ თითოეული გადახდის დაგვიანებული დღე საფრთხეს და პრობლემებს უქმნის მწარმოებელს, ქსელური მაღაზიები მწარმოებლისგან და დისტრიბუტორისთვის გადასახდელი დაგვიანებული თანხით ხსნიან დამატებით მაღაზიებს და აფართოებენ ბიზნესს.
„მესამე პირის სახით სახელმწიფო უნდა ჩაერთოს აუცილებლად ფასის რეგულირებაში. საქველმოქმედო ორგანიზაცია არც სადისტრიბუციო კომპანიაა, არც წარმოებაა და რა თქმა უნდა, არც „რითეილერი“, მაგრამ შენ როდესაც იმის იმედად აკეთებ მაღაზიას, რომ სადისტრიბუციო ინვენტარს შემოგიტანს ფულს მწარმოებლისგან და დისტრიბუტორისგან გავიჩერებ უპროცენტოს და მე ავალ 1200-1600 მაღაზიაზე, ამ დროს ჩვენ ვკოტრდებით“, - განაცხადა მწარმოებელმა.
ბერეკაშვილმა დამაზუსტებელი კითხვით მიმართა შპს „გემრიელიას“ წარმომადგენელს, რომ თითოეული გადაწეული დღე და გადაუხდელი თანხა ქსელური მაღაზიისთვის ნიშნავს თუ არა დამატებით ფულად სახსარს ახალი მაღაზიის გასახსნელად.
„თითოეული გადაწეული დღე ნიშნავს თუ არა იმას, რომ მან გამოითავისუფლა „ქეში“, ფულადი სახსრები, რომ ახალი მაღაზია გახსნას? თუ კი ჩვენ, საკანონმდებლო ჩარჩოთი გავაკეთებთ სისტემას, რომელიც გასაგებს გახდის რა დროს რა უნდა გადაიხადოს „რითეიელრმა“ ეს პროცესი დაარეგულირებს, როგორც გადახდას ერთი მხრივ და ასევე იმას, რომ ახალი მაღაზია აღარ გაიხსნება?“, - კითხვით მიმართა შოტა ბერეკაშვილმა.
მწარმოებლის განცხადებით, რა თქმა უნდა, ქსელური მაღაზიის მიერ დაგვიანებული თანხა ემსახურება ფულადი სახსრების მობილიზებას და ის, რომ კანონმდებლობით დადგინდეს მისი პასუხისმგებლობა გადასახდელ თანხის ვადებთან დაკავშირებით, მას ამის შესაძლებლობას აღარ მისცემს.
„რასაკვირველია, საოპერაციო ხარჯებს ვეღარ აუვა. რეალურად ეს ყველაფერი დაკავშირებულია ერთმანეთთან. პასუხისმგებლობა იმის, რომ მას გადასახდელი აქვს ეს თანხა უკვე აღარ აძლევს იმის საშუალებას, რომ მან საოპერაციო ხარჯები უკვე სხვაგან გადაისროლოს, აღარ არის საუბარი ქსელების დაბადების დღეებზე, ინვენტარით გაზრდაზე, ბევრი ნიუანსია“, - განაცხადა მწარმოებელმა.