
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინას „ღია პოლიტიკურ შანტაჟში“ ადანაშაულებს.
მისი თქმით, უნგრეთის მთავრობამ ვითარება შეისწავლა და დაადგინა, რომ ნავთობსადენ „დრუჟბით“ ნავთობის მიწოდების განახლებისთვის ტექნიკური დაბრკოლებები არ არსებობს.
„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო ფორმით, ჩვენი აღმოსავლელი მეზობელი, უკრაინა, რომელიც ომში იმყოფება, 27 იანვრიდან ნავთობის მიწოდებას ბლოკავს. ნავთობსადენ „დრუჟბასთან“ დაკავშირებით ვაცნობებ პატივცემულ პარლამენტს, რომ მთავრობამ ვითარება შეისწავლა და დაადგინა, რომ არ არსებობს ტექნიკური დაბრკოლებები გადაზიდვების განახლებისთვის და უკრაინაზეა დამოკიდებული, განახლდება თუ არა ნავთობსადენის მუშაობა. სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ეს ღია პოლიტიკური შანტაჟია“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, ორბანის თქმით, უნგრეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიურმა ურთიერთობებმა ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.
„უკრაინელები მოითხოვენ, რომ უნგრეთმა რუსულ ენერგორესურსებზე უარი თქვას, მისცეს ფული უკრაინას და მხარი დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. უფრო მეტიც, უკრაინელები ღიად ემუქრებიან უნგრეთის მთავრობას, ასევე პირადად მის ლიდერებს. ვაცნობებ პარლამენტს, რომ ეროვნული მთავრობა არანაირ შანტაჟს არ დაემორჩილება“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.