
პატიმრობაში მყოფმა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზი მსახიობმა ციხიდან გამოგზავნილ წერილში დაასახელა.
„მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს! ამ სიმბოლური ტექსტით მინდა სოლიდარობა და გვერდში დგომა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავად არიან სოლიდარობისა და მეგობრობის მაგალითი. ძალიან არასწორ და რთულ სფეროს ებრძვით, “მეგობრებო”. ისტორიას გადავხედოთ და მარტივად მივხვდებით, რომ ხელოვანები თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიციით იყვნენ და არიან თქვენთვის და ნებისმიერი ხელისუფლებაში მყოფისთვის ყველაზე სახიფათო ადამიანები. ასე იქნება ყოველთვის. თქვენამდეც და თქვენ შემდეგაც სიმართლე ერთი იქნება და ამ სიმართლის სათქმელად სიტყვა ყოველთვის გამოინახება. ამიტომ ჩემი რჩევაა – სწორი ღირებულებების მქონე ადამიანებთან ბრძოლა წამგებიანია”, – წერია ჭიჭინაძის წერილში, რომელიც ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა გაავრცელა.
ბოლო დღეების განმავლობაში ვასო აბაშიძის სახელობის „ახალი თეატრი“ რამდენიმე მსახიობმა დატოვა: ეკა დემეტრაძემ, გივიკო ბარათაშვილმა, კახა კინწურაშვილმა და ნანკა კალატოზიშვილმა, ტასო ჭანტურაიამ, დავით ბეშიტაიშვილმა, მანუ თავაძემ, ლუკა და ირაკლი ჯაფარიძეებმა და სხვებმა.
2025 წელს თეატრდან გაუშვეს რეჟისორი დავით დოიაშვილი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მსახიობების დაკავებას ღიად აპროტესტებდა.