
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელაანში გუშინ, 21 თებერვალს უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. "ჰონდას" მარკის ავტომობილი, რომელშიც ხუთი მოზარდი იჯდა, ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც "ამბებისთვის" გახდება ცნობილი, ავარიის დროს მანქანიდან გადმოვარდა ორი მოზარდი და ბავშვებმა სხვადასხვა სახის მოტეხილობები მიიღეს, სამწუხაროდ, ცეცხლმოკიდებული მანქანიდან გადმოსვლა ვეღარ შეძლო სამმა მოზარდმა და ისინი დაიღუპნენ.
დაღუპულია ორი ბიჭი და ერთი გოგონა, ისინი ერთმანეთის დეიდაშვილები არიან - საბა წნორიაშვილი, მერაბ შინჯიკაშვილი და მათი ბიძაშვილი გვანცა.
უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში ღამის, 10 საათზე მოხდა. ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურის და პოლიციის ეკიპაჟები, მაგრამ ცეცხლმოკიდებული მანქანიდან მოზარდების გადმოყვანა ვეღარ შეძლეს.
ადგილობრივების თქმით, მოზარდები სოფელში არსებულ სამების ეკლესიაში წავიდნენ და იქიდან ბრუნდებოდნენ, როცა ტრაგედია დატრიალდა.
“ეს ისეთი უბედურებაა, როცა სიტყვები უძლურია. გაგვანადგურა ამ ამბავმა. გუშინ საღამოს 10 საათზე დატრიალდა და ყველა თავზარდაცემულია. საჭესთან 14 წლის ბავშვი, მერაბ შინჯიკაშვილი იჯდა. ყოველთვის დაჰყავდა ხოლმე ამ ბავშვს მანქანა, ხან ტრაქტორი დაჰყავდა. ეს არ იყო მისთვის პირველი შემთხვევა. იქ რა მოხდა, ვერ გეტყვით.
სავარაუდოდ, სიჩქარეა მიზეზი. ზემოთ სამების ეკლესია გვაქვს და იქ წასულან ყველანი ერთად. ერთმანეთის დეიდაშვილები, ბიძაშვილები არიან და ერთი მეზობელი იყო, ისიც არასრულწლოვანი. იქიდან მოდიოდნენ თურმე, როგორც ჩანს, საჭესთან მყოფმა მანქანა ვეღარ დაიჭირა, სისწრაფით არის წამოსული მანქანა, რაღაცას შეეჯახა და მერე მანქანა ამობრუნდა.
მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, სულ ხუთნი ისხდნენ, ორი გადმოვარდა, ბავშვებს ნეკნები აქვთ დამტვრეული და სამი არასრულწლოვანი საბა, მერაბი და გვანცა დაიღუპნენ. წარმოუდგენელი ამბავია. საბა და მერაბი დეიდაშვილები არიან, გარდაცვლილი გოგონა გვანცა, მათი ბიძაშვილია, ის ქალაქიდან იყო ჩამოსული და ეს დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. გლოვაა სოფელში, განადგურებულია ყველა.
საბა წნორიაშვილი და მერაბი შინჯიკაშვილი ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ, მათ სახლებს ერთი ღობე ყოფს, ერთად გაზრდილები არიან. ორივე მელაანის საჯარო სკოლაში სწავლობდა. მერაბი იჯდა საჭესთან, მერაბს ორი და ჰყავს, საბასაც ორი და ჰყავს. დაშავებულებს შორის საბას დაც არის - ის მეცხრე კლასელია. მოტეხილობები აქვს და ამჟამად კლინიკაშია. კიდევ დაშავებულია მათი მეზობელი, ისიც კლინიკაშია მოტეხილობებით.
გარდაცვლილ გოგონას გვანცას, შორიდან ვიცნობდი, მას ბებო და პაპა ჰყავს სოფელში და იქ ზაფხულობით მოდიოდა ხოლმე. ჩამკვდარია დღეს ჩვენი სოფელი, გლოვაა, წუხელ სამ საათზე ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს. საშინელება ტრიალებდა. საბას მამა განწირული ხმით ღრიალებდა, რა ვუთხრა ბიჭო დედაშენსო. დედამისი ავად არის, სიმსივნე აქვს და არ ვიცი ამ ამბავს როგორ გადაიტანს.
ამაზე დიდი ტრაგედია არ ვიცი რა შეიძლება იყოს. განადგურდნენ ოჯახები.
საშიში ადგილია, მიხვეულ-მოხვეული გზებია და ვერ დაიჭირა ეტყობა საჭე. მანქანა უცებ აფეთქებულა, არც არავინ იქნებოდა იქ, ცოტა მიკარგული ადგილია, თუმცა სოფელთან ახლოს კი არის. რომ აფეთქდა უკვე ვერავინ ვერ მოახერხებდა მათ გადარჩენას. მანქანა რომ ამოტრიალდა ორი მოზარდი გამოაგდო ალბათ რაღაც ძალამ, ალბათ კარებთან ისხდნენ ისინი და გადმოცვივდნენ. რომელიც შუაში იჯდა ალბათ შიგ დარჩა. ღმერთმა გაძლება მისცეს მაგათ ოჯახებს.
ვერ შევძელი მანქანამდე მივსულიყავი, დანახშირებული იყო ყველაფერი", - განუცხადა "ამბებს" ადგილობრივმა.
წყარო: www.ambebi.ge