
მას შემდეგ, რაც ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებები გახდა ცნობილი, საქმის სრულად გახსნილად გამოცხადებას დაცვის მხარე ეჭვქვეშ აყენებს. დაკავებული ყოფილი პოლიციელის, დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ადვოკატის განცხადებით, გამოძიებას კითხვები კვლავ პასუხგაუცემელი აქვს.
ადვოკატის თქმით, ქვაჭრელიშვილის ჩვენება შეიცავს დეტალებს ბრალდებულების დაკავების ღამეს განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის იმ პირებზე, ვინც აღიარებით ჩვენებებს ესწრებოდა. დაცვის მხარე ასევე მიუთითებს შესაძლო ვიდეოჩანაწერზე, რომლის არსებობაც, მათი შეფასებით, საგამოძიებო ორგანოებმა უნდა დაადგინონ.
როდესაც უკვე პროკურატურამ თითქოს გახსნილად გამოაცხადა საქმე, ჩვენ უკვე ვალდებულები ვიყავით, გვეთქვა, რომ ეს არ არის გახსნილი საქმე, იმიტომ, რომ მასში არიან ადამიანები, რომლებიც არათუ დასჯილები არიან, არამედ მაღალ თანამდებობებს იკავებენ დღესაც.
საინტერესოა ვიდეოჩანაწერი, რომელზედაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რო სავარაუდოდ, უნდა არსებობდეს ვიდეოჩანაწერი, რადგან მაშინ, როცა ის გადიოდა ოთახიდან, ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, საუბარია თამაზაშვილზე, უთითებდა, რომ გადაეღოთ ვიდეო, დაკავებულთან დაკავშრებით, რას საუბრობდა, რას ყვებოდა ის წყნეთის პოლიციის განყოფილებაში. შესაბამისად, წყნეთის პოლიციის განყოფილიდან მთავარ სამმართველომდე როდესაც დაიკარგა ეს პიროვნებები, ვინც არიან ორგანიზატორები და სად დაიკარგა ეს ინფორმაცია, რომელსაც ორი დაკავებული პიროვნება ყვებოდა, ეს უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს, - ამბობს თორნიკე მიგინეიშვილი.
წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ჩვენებაში, რომელიც საგამოძიებო უწყებას 20 თებერვალს მისცა, დეტალურად ჰყვება, რა ხდებოდა ნიკო კვარცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის [ორივე მათგანს კვარაცხელიას მკვლელობისთვის 17 და 16 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი] დაკავების ღამეს პოლიციის განყოფილებაში.
დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ყვება, რომ მკვლელობაში ბრალდებულების დაკავების დროს პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ და ჭელიძისა და კავილაძის აღიარებითი ჩვენება პირადად მოისმინეს:
სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის მაშინდელი უფროსი, ამჟამად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე,
კახა მურადაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე,
კახებერ სირაძე - თბილისის მკვლელობების მთავარი სამმართველოს უფროსი,
გელა ქურდაძე - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი.
დიმიტრი ქვაჭრელიშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩბენებაში ამბობს, რომ მას შემდეგ რაც სულხან თამაზაშვილმა დაკავებულების აღიარებითი ჩვენება მოისმინა, ის სატელეფონო კავშირზე იყო ვინმე "ანზორიჩთან", რომელსაც ჩვენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შენიშვნა: თავის მხრივ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი ამტკიცებს, რომ არ იცნობს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც ამჟამად მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით და ქოლ-ცენტრების საქმეზე იძებნება.