
23 თებერვალს ევროკავშირის საბჭოს სამიტია დაგეგმილი, სადაც გაერთიანების წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი საბოლოოდ უნდა შეათანხმონ. მანამდე ცნობილი ხდება, რომ ჯერჯერობით კონსენსუსი არაა და რამდენიმე ქვეყანა პაკეტში გაწერილ ზოგიერთ პუნქტს არ ეთანხმება. ამ სადავო პუნქტებს შორისაა ყულევის პორტის დასანქცირებაც, რასაც, დასავლური მედიის ცნობით, არ ეთანხმებიან უნგრეთი და იტალია.
ყულევის პორტზე სანქციების დაწესების საჭიროება დოკუმენტში იმითაა დასაბუთებული, რომ პორტი „გამოიყენება ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას".
ყულევის ნავთობტერმინალი ფოთსა და ანაკლიას შორის მდებარეობს და მას აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარი" ფლობს. მის დასანქცირებაზე უნგრეთის პოზიცია, საქართველოსა და უგრეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების ფონზე, სავსებით გასაგებია. ხოლო რაც შეეხება იტალიას, ანალიტიკოსთა შეფასებით, მისი პოზიცია აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობით აიხსნება.
რაზე ვერ თანხმდებიან
ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე ამ დრომდე ვერ შეთანხმდნენ, რომელშიც გათვალისწინებულია, რომ ბლოკმა დაუწესოს სანქციები უცხოურ პორტებსა და ბანკებს, როგორც რუსული ნავთობის ექსპორტის შეზღუდვების ნაწილი.
„ბლუმბერგის" ინფორმაციით, შეუთანხმებლობის მიზეზი რამდენიმე საკითხზე კონსენსუსის არქონაა. უნგრეთი და იტალია საქართველოში ყულევის პორტზე სანქციების დაწესების მხარდაჭერას ერიდება, საბერძნეთი და მალტა შეშფოთებას გამოთქვამენ პაკეტში არსებულ იმ პუნქტზე, სადაც ნათქვამია, რომ ინდონეზიაში კარიმუნის პორტს სანქციები უნდა დაუწესდეს. იტალია ესპანეთთან ერთად ასევე არ ეთანხმება კუბის ერთ-ერთ ბანკზე სანქციების დაწესებას.
ევროკომისიამ ახალი სანქციების შესახებ წინადადებები თებერვლის დასაწყისში წარადგინა. პროექტი ითვალისწინებს რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვების სრულ დაბლოკვას. შეთანხმების შემთხვევაში, სანქციები დაეკისრება კიდევ 43 ტანკერს, რაც რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის" სხანქცირებული ტანკერების საერთო რაოდენობას 640-მდე გაზრდის. ევროკავშირი ასევე აპირებს შეზღუდოს ტანკერების შეძენა „ჩრდილოვან ფლოტებში" გამოსაყენებლად და აკრძალოს თხევადი აირის გადამზიდავი რუსული ტანკერებისა და ყინულმჭრელი გემებისთვის ტექნიკური მომსახურების და სხვა მომსახურების გაწევა. სანქციების ახალი წინადადება მოიცავს 360 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ექსპორტის შეზღუდვებს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ბლოკმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს 23 თებერვალს დაამტკიცებს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ევროკომისიის საკანონმდებლო წინადადება ახლა ევროკავშირის საბჭოს მიერ უნდა დამტკიცდეს, რაც ბლოკის ყველა წევრის თანხმობას ითხოვს.
შევა თუ არა ყულევი მე-20 პაკეტში
თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ უნგრეთის წინააღმდეგობა გამოწვეულია საქართველოს ხელისუფლებასთან მეგობრული დამოკიდებულებით, იტალიის პოზიცია კი აიხსნება აზერბაიჯანზე ენერგოდამოკიდებულებით.
- კორნელი კაკაჩია: „თუ ევროკავშირის წევრთა უმრავლესობისთვის ყულევის საკითხი პრინციპულია, მაშინ უნგრეთს და იტალიას უკან დახევა მოუწევთ. თუ მაინცდამაინც პრინციპული არაა, შეიძლება ეს საკითხი ამ ეტაპზე ამოიღონ და მომდევნო პაკეტისთვის დაიტოვონ."
„უნგრეთი გასაგებია რატომაცაა წინააღმდეგი. იტალიას რაც შეეხება, მას აზერბაიჯანთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, მას გაზი აზერბაიჯანიდან მიეწოდება თურქეთის ტერიტორიის გავლით. გამომდინარე იქიდან, რომ იტალიიის ენერგოდამოკიდებულება საკმაოდ გაზრდილია, მით უმეტეს, როდესაც რუსეთიდან ევროკავშირი ამას აღარ იღებს, იტალიისთვის აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორი გახდა და ამის გამო საერთოდ არ აინტერესებს საქართველოსა და აზერბაიჯანში დემოკრატიის მდგომარეობა, ადამიანის უფლებები და სამუშაო ურთიერთობებს ინარჩუნებენ.
„თუ ევროკავშირის წევრთა უმრავლესობისთვის ყულევის საკითხი პრინციპულია, მაშინ უნგრეთს და იტალიას უკან დახევა მოუწევთ. თუ მაინცდამაინც პრინციპული არაა, შეიძლება ეს საკითხი ამ ეტაპზე ამოიღონ, მიიღონ მე-20 პაკეტი და მომდევნო პაკეტისთვის დაიტოვონ.
„ყულევის პორტის დასანქცირება უკვე ძალიან სერიოზული ნაბიჯი იქნება, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაუარესების ხალი ფაზა დაიწყება. აქამდე საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული სამხილები არ არსებობდა, რომ ის სასანქციო რეჟიმს არღვევს, მაგრამ თუ ეს მოხდა, ეს რეპუტაციული ზიანიც იქნება და ამას ექნება, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური ფასი. ბევრ სხვა რაღაცაზე იმოქმედებს - იგივე საინვვესტიციო გარემოზე და ა.შ.", - განაცხადა კაკაჩიამ.