
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. სულხან თამაზაშვილი, რომელიც 2021 წელს, თბილისის პოლიციის უფროსი იყო, ირწმუნება, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს არ იცნობს და ამბობს, რომ დანაშულის ჩაფარცხვაზე ლაპარაკი ზედმეტია.
„სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ მე ამ ადამიანს არ ვიცნობ, შესაბამისად, არასდროს შევხვედრივარ და არასდროს მქონია არც სატელეფონო, არც პირადი კომუნიკაცია. მინდა გითხრათ, რომ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში, აღნიშნული დანაშაულის ორგანიზატორებს სხვა დანაშაულის ჩადენისთვის წარედგინათ ბრალი. აქედან გამომდინარე დანაშაულის „ჩაფარცხვაზე“ და დახმარებაზე ლაპარაკი არასერიოზულია და ვფიქრობ, რომ საკითხი ამოწურულია“, - განაცხადა თამაზაშვილმა.
სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ გავრცელებული წერილის ავტორი დაკავებულია ქრთამის აღებისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე და მის მიმართ აქვს მხოლოდ სიბრალულის გრძნობა.
„ზოგადად, ამ ჩვენების და მისი ავტორის, ეგრეთ წოდებული ცრუ მოწმის მიმართ მაქვს ამბივალენტური დამოკიდებულება, მე მახსოვს ეს ადამიანი იყო მართლაც წყნეთის პოლიციის უფროსი. ის სამწუხაროდ დააკავეს ქრთამის აღებისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ერთის მხრივ მის მიმართ მხოლოდ სიბრალული მაქვს, ხოლო მეორეს მხრივ ალბათ ეს ცრუ ჩვენება გარდაცვლილის დედის მდგომარეობას უფრო დაამძიმებდა, რასაც რეალურად განვიცდი“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
მანვე გაიხსენა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე და განაცხადა, რომ დანაშაული მყისიერად გაიხსნა, დანაშაულის ჩადენის დღესვე დანაშაულის ჩამდენი პირები იყვნენ იდენტიფიცირებულები, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორების გამოვლენის და მხილების მიზნით გამოძიება აქტიურად მუშაობდა.
„მახსოვს, რომ იყო შემზარავი ფაქტი, თუმცა დანაშაული მყისიერად გაიხსნა. დანაშაულის ჩადენის დღესვე დანაშაულის ჩამდენი პირები იყვნენ იდენტიფიცირებულები. მოგვიანებით, დაახლოებით ორი დღის შემდეგ ისინი დაუსწრებლად მიეცნენ პასუხისგებაში და დაახლოებით ერთი თვის შემდეგ უკვე იყვნენ დაკავებულები. ისინი იყენებდნენ დუმილის უფლებას და გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს, თუმცა, გამოძიება აქტიურად მუშაობდა დანაშაულის ორგანიზატორების გამოვლენის და მხილებისთვის“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.
გადაცემის ანონსი, რომ სულხან თამაზაშვილი პირად კონტაქტზე იმყოფებოდა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძესთან და აწვდიდა მას ინფორმაციას, „ფორმულას“ ეთერში გავიდა. 20 თებერვალს, ნიკო კვარაცხელიას საქმეზე გამოიკითხა ყოფილი პოლიციელი, დიმიტრი ქვაჭრელიშვილი. ეს უკანასკნელი, 2021 წელს, კვარაცხელიას მკვლელობის დროს, წყნეთის პოლიციის უფროსი იყო და სწორედ მან დააკავა მკვლელობაში მსჯავრდებულები - აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. ქვაჭრელიშვილს პროკურატურა ქრთამის აღებას ედავება, რის გამოც, თბილისის საქალაქოს სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა.