
„კანონმდებლობაში ჩანაწერი უნდა გაჩნდეს, რომ ადგილობრივი პროდუქცია უპრობლემოდ განთავსდეს სავაჭრო ქსელებში“, - ამის შესახებ ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია „აჩინებულის“ დამფუძნებელი აცხადებს. როგორც გოჩა ღვინეფაძემ „საქმის კურსის“ ეთერში აღნიშნა, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ქსელურ მარკეტებში პროდუქციის განთავსებაა. მისი თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც სავაჭრო ქსელები ადგილობრივ მწარმოებლებთან ან არ ურთიერთობენ, ანდაც მათ მიერ წაყენებული პირობები საკმაოდ მკაცრია.
„ჩვენ საპარლამენტო ფორმატში მოვითხოვეთ, რომ მწარმოებლების წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა, რომ როგორც ევროპის ქვეყნებშია, ჩვენთანაც უნდა გაჩნდეს კანონმდებლობაში ჩანაწერი, რომ ადგილობრივი პროდუქცია უპრობლემოდ უნდა განთავსდეს სავაჭრო ქსელებში. ყველა ქართულ კომპანიას ამაზე გვაქვს ურთულესი პრობლემა. ეს არის ვაჭრობის საგანი და უკვე თავიდანვე ჩვენს კონტრაქტებს რითეილ ჯგუფებთან ხდის ასიმეტრიულს.
ჩვენ სრულად ვართ იმათ ხასიათზე დამოკიდებული - როგორ შევიტანთ და საერთოდ შევიტანთ თუ არა. ნახევარზე მეტ ქსელურ მაღაზიებთან ვერ ვთანამშრომლობთ, ასე ვართ ყველა ქართული წარმოება - ვერ შეგვაქვს.
საქართველოში წარმოება გავხსენით, ჩავდეთ ფული და ქსელურ მარკეტებში პროდუქციას არ გვაღებინებენ. თუ გვათავსებინებენ, ამას ჰქვია კომერციული პირობა და საკმაოდ დიდ თანხებთან დაკავშირებული. ზოგან საერთოდ არ (გვიშვებენ), მაგრამ უმრავლესობაში არის შესვლის თანხა, მერე თაროს თანხა და ა.შ. როდესაც ქსელური მაღაზიები გადიან საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, იქ კანონმდებლობის დონეზე უნდა იყოს დარეგულირებული - სავალდებულო უნდა იყოს ქართული პროდუქციის წარმოდგენა. თუ ჩვენი პროდუქტი ევროპაში გადის, ამერიკაში, კანადაში, ავსტრალიაში, როგორ წარმოგიდგენიათ, ქართულ ბაზარს არ აკმაყოფილებს?“, - განაცხადა გოჩა ღვინეფაძემ.