
„ქართულმა ოცნებამ" ოპოზიცია უკვე დამარცხებულად გამოაცხადა. მათი შეფასებით, ახალი წლის დადგომასთან ერთად, საქართველოს ისტორიაში „ახალი ეპოქა" დაიწყო. "მოკვდა" თუ არა დღეს რეალურად საქართველოში ოპოზიცია და რა იქნება ამისი საბოლოო შედეგი?
ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ოპოზიციის გაქრობა ქვეყანას კარგს არაფერს უქადის. მათი ნაწილის შეფასებით, დღევანდელი ოპოზიცია ცოცხალ ძალად ვერ ჩაითვლება, რადგან ხალხს საინტერესოს ვერაფერს სთავაზობს, არ არის ერთობა და სიტუაციის სათავისოდ შეტრიალებას ვერ ახერხებს.
ანალიტიკოსთა ნაწილი კი აცხადებს, რომ საქართველოში ოპოზიციისთვის მძიმე პირობებია შექმნილი და ამის მიუხედავად მაინც ახერხებს საპროტესტო მუხტის შენარჩუნებას და არსებობას. თუმცა ის მოწოდების სიმაღლეზე არ არის და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.
„ოცნების" დეპუტატის ნინო წილოსანის თქმით, ახალი წლის დადგომასთან ერთად საქართველოს ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო.
„უკვე გაცვდა რადიკალების გოდება ჩავარდნილ რევოლუციაზე, აშშ-დან და ევროპიდან დახმარების ვერმიღებასა და დამნაშავე სააკაშვილის „ტყვეობაზე"... ჩავარდა ქვეყნის გამყიდველთა გეგმა - არეულობის ქარცეცხლში გაეხვიათ საქართველო. ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო - რადიკალები დამარცხდნენ", - განაცხადა წილოსანმა.
დამარცხდა თუ არა საბოლოოდ ოპოზიცია
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციას 12 წელია პრაქტიკულად არ ჰქონია სამოქმედო გეგმა და „ცოცხალ ძალად" ვერ ჩაითვლება.
- „შეიძლება თუ არა ოპოზიცია მოქმედ ცოცხალ ძალად ჩაითვალოს, თუკი მას გეგმა და პროგრამა არ აქვს? 12 წელია ოპოზიციას საკუთარი მოქმედების არანაირი გეგმა არ ჰქონია. შეიძლება გეგმას ვერ ქმნიან, პოლიტიკური ინტელექტი არ ჰყოფნით, ან შესაძლოა არც უნდათ. მემგონი თვითონაც ხვდებიან, რომ თუ მიშა სააკაშვილზე, ან მის პარტიაზე უარს არ იტყვიან, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მათ ხმას არ მისცემს და ხელისუფლებისთვის ბრძოლა მათთვის უაზრო ხდება.
„ამიტომაც იბრძვიან ოპოზიციონერობისთვის, რადგან ოპოზიციას დასავლეთი აფინანსებს. აღმოაჩინეს, რომ ოპოზიციაში თუ ხარ, მაშინაც შეიძლება შემოსავალო გქონდეს, თან ბიუჯეტიდანაც ფინანსდება ოპოზიცია. ეჭვი მაქვს, გეგმას არ აკეთებენ უბრალოდ იმიტომაც, რომ არც უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა, იციან, რომ ხალხის უმრავლესობა მაინც უარს ეტყვის, როგორც 2012-ში", - განაცხადა საყვარელიძემ.
მისივე შეფასებით, ოპოზიციის ფაქტიურად გაქრობა ქვეყნისთვის ცუდია და შესაძლოა, ახალი ძალები გამოჩნდნენ.
„ბევრის მსგავსად იმედი მაქვს, რომ ახალი ოპოზიციური ძალები გამოჩნდებიან. ძალები, რომლებსაც არ აქვთ ენმ-ის მიერ ჩადენილ დანაშაულებთან რაიმე კავშირი; მეორეს მხრივ ძალები, რომლებსაც ინტელექტუალური რესურსი აქვს, რომ თავიანთი კრედო ჩამოაყალიბონ. უოპოზიციოდ არ ვიქნებით, გვეყოლება", - განაცხადა საყვარელიძემ.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ოპოზიცია ყველაფრის მიუხედავად მაინც იბრძვის.
„ოპოზიცია არ დამარცხებულა და არ დამარცხებულა საქართველოს სამოქალაქო სექტორი, რომელიც თავისუფლებისთვის და დიქტატურის წინააღმდეგ იბრძვის. ფაქტია, 400-ზე მეტი დღეა უწყვეტი გამოსვლებია და არავის არ აქვს ილუზცია, რომ ერთი აქციის გამო „ოცნება" გადადგება", - განაცხადა ჩიტაძემ.
მისივე შეფასებით, რამდენიმე მიზეზია, რატომაც ოპოზიციამ ამ დრომდე ვერ შეძლო სიტუაციის სათავისოდ შებრუნება.
- „რამდენიმე მიზეზია, მარტო გეგმაზე არაა. არ არის დიდი ფინანსური რესურსი, რომ იგივე რეგიონებში მოსახლოებას შეხვდნენ და კამპანია ჩაატარონ. მწირი რესურსების პირიობებში ბრძოლა მაინც გრძელდება და წარმოიდგინეთ რამხელა ფინანსებს ფლობს დღევანდელი ხელისუფლება და რასთან უწევს შეჯახება ოპოზიციას.
„ხელისუფლება საბიუჯეტო თანხებს და ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, ახერხებს აგიტაცია-პროპაგანდის მეშვეობით, რომ ერთის მხრივ მხარდამჭერები ჰყავდეს და მეორეს მხრივ, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ადამიანებშიც მიდის აგიტაცია, თუ ოპოზიცია როგორი ცუდია, სახელმწიფოს ებრძვის და ომში ჩართვა სურს.
„კიდევ ერთი მიზეზია, რომ ოპოზიციას შორის საერთო თანხმობა ვერ შედგა, წყენები ჯერ კიდევ არის. ასევე სწორი საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს, რომ მოსახლეობაზე იმოქმედოს და რეალურად აჩვენოს „ოცნების" ნაკლოვანებები, კორუფცია, ნათელი გახდეს, მაგალითად, პენსიონერებისთვის, „ოცნებას" როგორი ხელფასები აქვს და მოსახლეობას რას აძლევენ",- განაცხადა ჩიტაძემ.
გამოსავალი ოპოზიციისთვის
რამაზ საყვარელიძე გვეუბნება, რომ ოპოზიცია „ოცნების" შეცდომას ელოდება, თუმცა გამოსავალი მაინც კარგი გეგმის დასახვაა, რისი პერსპექტივაც არ ჩანს.
„ოცნების" შეცდომას ისედაც ელოდებიან, მთელი კამპანია მაგაზე აქვთ აწყობილი. ჩვენ რას ვაპირებთო იმას არ ამბობენ, „ოცნებამ" რა დააშავა იმაზე საუბრობენ. გამოსავალი ისაა, შენ რა გეგმას დასახავ და რას დააპირებ, მაგრამ თავად ოპოზიციამ არ იცის რა შეიძლება გააკეთოს აქედან თავის დასაღწევად.
„აირჩიეს ყველაზე მარტივი - იძახიან, „ევროპა გვინდა". ევროპაში ყველაზე მსხვილი პარტია სახალხო პარტიაა, რომელიც სააკაშვილს მხარს უჭერდა და ამათაც თქვეს, რომ ევროპა გვინდა. თუკი ამავე გზას გააგრძელებენ, ეს შეიძლება უპერსპექტივო აღმოჩნდეს. თავად ევროკავშირი ვერ უხერხებს ვერაფერს „ქართულ ოცნებას". ყველაფერი ქნეს, რომ გადატრიალება მომხდარიყო, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა არ მიჰყვება, რადგან „ნაცმოძრაობის" მოყვანა არ უნდათ", - განაცხადა საყვარელიძემ.
ნიკა ჩიტაძის აზრით, რეალური გამოსავალი მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის ჩატარება და რეგიონებში გასვლაა, თუმცა ოპოზიციას ამ ეტაპზე ამის ფინანსური რესურსები არ აქვს.
„ყველა ქვეყანას ძლიერი ოპოზიცია სჭირდება, ოპოზიცია ხელისუფლების და არა ქვეყნის. წინა ხელისუფლების დროს მაშინდელი ოპოზიცია იყო ქვეყნის ოპიზიცია და არა ხელისუფლების, რაც გამოჩნდა, როცა „ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში.
„ადრე „ნაცმოძრაობა", როგორც ოპოზიცია, ბიუჯეტიდან თანხას იღებდა და შეეძლო საინფორმაციო კამპანია ეწარმოებინა. „ოცნებაც" რაღაც სახის შენარჩუნებაც ცდილობდა, გამარჯვება გარანტირებული ჰქონდა და ოპიზიციის დისკრედიტაცია მაინცდამაინც არ აწყობდა. დღევანდელ პირობებში ცოტა რთულია ოპოზიციამ ეს გააკეთოს. გამოსავალია მასშტაბური საინფორმაციო კამპანიის ჩატარება და რეგიონებში გასვლა. რეალობა ისეთია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს ევროპული ღირებულებები ნაკლებად აინტერესებს, როცა სოციალური პრობლემები აქვს", - განაცხადა ჩიტაძემ.