
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ევროპამ ამერიკელების მისამართით წითელი ხაზი გადაკვეთა.
საგარეო უწყების საჯარო დიპლომატიის შტაბის უფროსი გევინ მაქსი აღნიშნავს, რომ არ დაუშვებენ მარიონეტი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ამერიკელი ხალხის გაჩუმებას.
საქმე ეხება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ცენზურის ბრალდებით ყოფილი ევროკომისრის ტიერი ბრეტონისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოთხი ხელმძღვანელის სანქცირებას.
„გარე ძალების მიერ ამერიკელების ცენზურა წითელი ხაზია: ვერცერთი უცხოელი მარეგულირებელი ან მარიონეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ამერიკულ პლატფორმებს, ამერიკელ ხალხს გაჩუმებას ვერ აიძულებს. ისინი, ვინც ცენზურის სისტემას აშენებენ, ამერიკის მიწაზე არ დაიშვებიან“, - წერს გევინ მაქსი სოციალურ ქსელ X-ში.
ცნობისთვის, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ყოფილ ევროკომისარს ტიერი ბრეტონს და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციების ოთხ წარმომადგენელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა აუკრძალა. აშშ სანქცირებულებს ადანაშაულებს ამერიკული პლატფორმების იძულებითი ცენზურის, დემონეტიზაციისა და მათთვის მიუღებელი ამერიკული მოსაზრებების ჩახშობისკენ მიმართული ძალისხმევის ორგანიზებაში.