
თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს ბრალდებას ოფიციალურად სავარაუდოდ, დღესვე, დაუსწრებლად წარუდგენენ. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრენიუსს“ გვანცელაძის ადვოკატმა განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, დიდი ალბათობით, საგამოძიებო უწყებაში დღეს მივა, ვინაიდან გვანცელაძის მიმართ დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ გამოტანილია.
უფლებადამცველისთვის უცნობია, გვანცელაძის პოზიცია მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმესთან დაკავშირებით, რადგან მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.
არსებული ინფორმაციით, ბაგა-ბაღების სააგენტოს ყოფილი დირექტორი საქართველოში დიდი ხანია აღარ იმყოფება.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი დღეს დააკავეს. მას რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. 4 ეპიზოდად მიმდინარე საქმიდან სწორედ, ერთ-ერთში ფიგურირებს ბაღების სააგენტოს ყოფილი დირექტორი კახა გვანცელაძე.
პროკურატურის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილი ქრთამის აღების სანაცვლოდ, თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს მფარველობას უწევდა, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ,,ატკატებს’’ იღებდა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ლილუაშვილი-გვანცელაძის ხსენებულ დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის შესახებ