მარიამ ვეკუა
22.12.2025

მაშინ, როცა ვაშინგტონი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების პროგრესზე საუბრობს და კიევი ტრამპის 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას მხარს უჭერს, ომის რეალობა ფრონტზე არ იცვლება - ტერიტორიული საკითხი ისევ ჩიხშია, ცეცხლი არ წყდება და უკრაინული არმია კი ბოლო დღეებია გააქტიურებულია და შეტევებსაც აძლიერებს.

კვირას მაიამიში გამართული მოლაპარაკებები აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის გამართული შეხვედრების სერიის ბოლო ეტაპი იყო, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 20-პუნქტიან გეგმას ეხებოდა.

აშშ-ს ოპტიმიზმის მიუხედავად, არ არსებობს მკაფიო სიგნალები რომ კონსესუსი მიიღწევა, მათ შორის კონფლიქტის დროს რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების საკითხთან დაკავშირებით - წერენ გავლენიანი გამოცემები.

საინტერესოა, რომ ამ მოლაპარაკებების პარალელურად უკრაინული არმია გააქტიურდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, ლიპეცკში რუსეთის სამხედრო აეროდრომზე წარმატებული ოპერაცია განახორციელეს, რის შედეგადაც მტრის „სუ-30" და „სუ-27" ტიპის ორი მოიერიშე თვითმფრინავი განადგურდა.

უწყების ცნობით, 20-21 დეკემბრის ღამეს ლიპეცკის მახლობლად მდებარე რუსეთის სამხედრო აეროდრომზე ხანძარი გაჩნდა და მტრის კუთვნილი ძვირადღირებული „სუ-30" და „სუ-27" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები დაიწვა.

„უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, აგრესორის ორივე სამხედრო თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვიდა. მათი სავარაუდო ჯამური ღირებულება 100 მილიონ დოლარამდეა", - აცხადებენ უწყებაში.

მორიგი იერიში

საინტერესოა ისიც, რომ რუსეთის კრასნოდარის მხარის ტემრიუკის რაიონის სოფელ ვოლნაში, დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ნავმისადგომი და ორი გემი დაზიანდა, - ინფორმაციას რეგიონის ოპერატიული შტაბი ტელეგრამზე ავრცელებს.

„გემებზე მყოფი ყველა მგზავრი ევაკუირებულია. არც ეკიპაჟის წევრებს შორის და არც სანაპირო პერსონალს შორის არავინ დაშავებულა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოპერატიული შტაბის ცნობით, დრონის თავდასხმამ ნავმისადგომებზე ხანძარი გამოიწვია, რომელიც 1000-დან 1500 კვადრატულ მეტრამდე ფართობს მოიცავდა.

მანამდე, 21 დეკემბრის საღამოს, იმავე Telegram არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა სოფელ ვოლნაში მდებარე ტერმინალთან მილსადენი დააზიანა.

რუსმა ოფიციალურმა პირებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ თავდასხმის შედეგად სოფელში მდგარი ორი ნავმისადგომი და ორი გემი დაზიანდა. ეკიპაჟსა და სანაპირო პერსონალს შორის არავინ დაშავებულა.

ვოლნა ყირიმის ხიდთან ახლოს მდებარეობს, რომელიც ოკუპირებულ ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ აშენებული ხიდი,უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ძალებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიწოდებისა და ტრანსპორტირების გზაა.

უკრაინა კი რეგულარულად თავს ესხმის ნავთობის ობიექტებს რუსეთსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე, რათა მოსკოვის სამხედრო ლოჯისტიკასა და მომარაგების ხაზებს ხელი შეუშალოს., წერენ გამოცემები.

„დაღუპული გენერალი"

მოსკოვში ბომბის აფეთქების შედეგად გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტის პრესსპიკერზე, სვეტლანა პეტრენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • „რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების დეპარტამენტის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა", - განაცხადა საგამოძიებო კომიტეტის პრესსპიკერმა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი ორშაბათს დილით გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ავტომობილის ქვეშ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა.

კომიტეტის ცნობით, 56 წლის სარვაროვი შეიარაღებული ძალების ოპერატიული მომზადების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო.

ერთ-ერთი თეორია, რომლის გამოძიებასაც აწარმოებენ, არის ის, რომ ბომბი უკრაინის სადაზვერვო სამსახურების მონაწილეობით იქნა დამონტაჟებული. უკრაინას კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენენებთ, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაშ შეიჭრა, მსგავსი სცენარით რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

დარია დუგინა, ცნობილი ნაციონალისტი მოღვაწის და პუტინის ახლო მოკავშირის 29 წლის ქალიშვილი, 2022 წელს სავარაუდოდ ავტომობილში აფეთქების შედეგად დაიღუპა.

გენერალი იაროსლავ მოსკალიკი გასული წლის აპრილში ავტომობილში აფეთქების შედეგად დაიღუპა, ხოლო გენერალი იგორ კირილოვი 2024 წლის დეკემბერში გარდაიცვალა, როდესაც სკუტერში დამალული მოწყობილობა დისტანციურად აფეთქდა.

უკრაინულმა წყარომ მოგვიანებით ბიბის-ის განუცხადა, რომ კირილოვი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოკლა, თუმცა ეს ოფიციალურად არასოდეს დადასტურებულა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×