
მას მერე, რაც "კოალიცია ცვლილებებისთვის წევრმა ზურა ჯაფარიძემ ციხე დატოვა, ოპოზიციის გაერთიანება-კოორდინაციაზე კვლავ დაიწყო განხილვები. ოპოზიციის ნაწილი თანახმაა "ერთი მაგიდის გარშემო დასხდნენ", ნაწილი კი აცხადებს, რომ "ჯერ ნაცები გაერთიანდნენ" და მერე სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება.
ანალიტიკოსთა ნაწილი ამბობს, რომ გაერთიანება-კოორდინაცია უფრო პერსპექტიულია ისეთ პროდასავლურ პარტიებს შორის, რომლებსაც ერთნაირი შეხედულებები აქვთ ძირითად საკითხებზე.
ნაწილი ანალიტიკოსებისა კი ამბობს, რომ ოპოზიციის გაერთიანებას არანაირი პერსპექტივა არ აქვს.
გაერთიანება-კოორდინაციის პერსპექტივა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ რადგან ოპოზიციურ ფლანგზე ყველა ხედავს, რომ ცალკ-ცალკე ბრძოლას შედეგი ამ დრომდე არ მოაქვს, კოორდინაცია აუცილებელია.
"ვფიქრობ გაერთიანებას პერსპექტივა მაინც გააჩნია, რადგან ოპოზიციურ სპექტრში ყველა ხედავს, რომ ამის გარეშე ცალკ-ცალკე ქმედება შეუძლებელია. მგონია, რომ კონკრეტულ პროდასავლირ პარტიებს შორის კოორდინაცია იქნება, მაგრამ, ასევე აუცილებელია თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან.
- "უფრო პერსპექტიული იქნება მაგალითად "ნაციონალურ მოძრაობასა" და "კოალიცია ცვლილებებისთვის" შორის კოორდინაცია. ეს ალბათ "ლელოსთანაც" შეიძლება, ყოველ შემთხვევაში აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი "ლელოს" არ უწონებს წინა ნაბიჯებს, თუმცა ბრძოლისას მსგავსი ტიპის საკითხები დროებით უკანა პლანზე იწევს ხოლმე.
"ვფიქრობ, რომ გახარიას პარტიასთან კოორდინაცია ნაკლებადშესაძლებელია, ამას არც ენმ და არც "ახალი" არ დაუშვებს და იტყვის, რომ პარტია, რომელიც პარლამენტში შევიდა, ის "ოცნების" თანამგზავრია, არც გახარიას პარტია არ დაუშვებს ენმ-სთან კოორდინაციას.
"თუ ენმ-მ "ხალმა" და "ლელომ" გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს, ეს "ქართული ოცნებისთვის" ანგარიშგასაწევი ძალა იქნება, თან თუ ამ ძალამ დამატებით კიდევ მიიზიდა მოსახლეობის მხარდაჭერა. მით უმეტეს სამივე სასკრძალ პარტიების "ოცნების" სიაშია და შეიძლება ამანაც უბიძგოს გაერთიანებისკენ, რადგან ამ მხრივ უკვე საერთო ინტერესები აქვთ",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები რომც გაერთიანდნენ, ამას პერსპექტივა არ ექნება.
- "ოპოზიცია ისედაც ნული იყო საქართველოს სახელმწიფოსთან მოღალატეობრივი პოზიციის დაკავების შემდეგ. ჯაფარიძე თავადაა ნული - ნული გამოვიდა ნულები დახვდნენ და რაც არუნდა გაერთიანდ-გამოერთიანდნენ ჯამში ნულია. ესენი არიან რუმბივით გაგორებული უცხოეთოს ფალავნები, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" და ქართველმა ხალხმა პოლიტიკურ ტატამზე გააგორა.
"კი ბატონო, გაერთიანდნენ, ვინმე ხელს უშლის? ისინი საქართველოს მოღალატეებად იქცნენ. მაგალითად, გუბაზ სანიკიძის შვილი ლაპარაკობს, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა 70%-ით გარედან ხდებაო და მაშინ რა უნდათ მათ საქართველოში? ასეთ ოპოზიციას ქართული სახელმწიფო საერთოდ რაიმედ ჩააგდებს? ასეც არის, რომ არაფრად არ თვლიან და ნული რეიტინგი აქვთ.
"ასე ამბობდა ჭიჭე ვაშაძე, რომ ამერიკაში გადაწყვეტილი აქვთ, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო. ესენი არიან წმინდა წყლის უცხოეთის აგენტურა, რომელსაც ქართველი ხალხი ხელისუფლებაში არასდროს არ მოიყვანს",- განაცხადა გვენეტაძემ.
პარტიების პოზიციები
ძლიერი საქართველოს" წევრმა თაზო დათუნაშვილმა აღნიშნა, რომ „ერთი მაგიდის გარშემო დაჯდომა აუცილებელია".
„უაზრო გაერთიანებებისთვის არც არასდროს ვიყავით მზად და არც ახლა ვართ მზად. ლაპარაკი როცა არის იმაზე, რომ ერთი მაგიდის გარშემო დავსხდეთ, არასდროს ამაზე უარი არ გვითქვამს. რა თქმა უნდა, უნდა დავსხდეთ ერთი მაგიდის გარშემო. შეიძლება ჩვენი გზები და სტრატეგიები ისევ განსხვავებული დარჩეს, როცა იმ მაგიდიდან ავდგებით. არის შანსი იმის, რომ ვერ შევთანხმდეთ, ოღონდ საუბარი აუცილებელია.
"ჩემი აზრით, ამაში არის გამოსავალი, რომ რაღაც ძირითად ფუნდამენტურ საკითხებზე უნდა შევჯერდეთ. უპირობო, უაზრო გაერთიანებების არ მჯერა. მიხარია, რომ ზურაბ ჯაფარიძე გარეთაა. მე ვარ მომხრე დიდი ერთიანი ფრონტით დაპირისპირებისა ივანიშვილის რეჟიმთან, იმიტომ, რომ მიმაჩნია ამ დიდ ფრონტში არის ძალა", - განაცხადა დათუნაშვილმა "პალიტრანუსთან".
"გახარია საქართველოსთვის" წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ ხანდახან ციხის კედლებიდან სხვანაირად უყურებ ყველაფერს, რესლობა კი სულ სხვაა.
"თუ ყოფილი „ნაცები" გაერთიანებისკენ ნაბიჯს გადადგამენ, ჩვენთვის ეს პრობლემა არ არის. ჯერ ნაცები გაერთიანდნენ და მერე სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება. მათმა სიბრძნემ აქამდე მოიყვანა პოლიტიკური მოცემულობა, მათმა უპასუხისმგებლობამ. მათი პარტიიდან, მათი კოალიციიდან მოდიოდა ბოიკოტი, დიდი შეცდომა", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა "პალიტრანიუსთან".
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ციხიდან გამოსვლისასაც ისაუბრა გაერთიანების აუცილებობაზე და 22 დეკემბერსაც გააკეთა კომენტარი.
"შაბათს უკვე მქონდა რამდენიმე შეხვედრა. დღეს მაქვს გაფართოებული შეხვედრა კოალიციის შიგნით. ხვალ მაქვს 5 შეხვედრა, მათ შორის შევხვდები სალომე ზურაბიშვილსა და რამდენიმე პარტიის წარმომადგენელს. შაბათს აღვადგენ ისევ შეხვედრებს და შევხვდები ყველა იმ ადამიანს, ვინც პროტესტშია ჩართული და ვინც რაღაცას აკეთებს, ყველას მინდა გავესაუბრო. გარკვეული წარმოდგენები იმასთან დაკავშირებით, რა არის გასაკეთებელი, მაქვს, უბრალოდ არ მინდა ამაზე საჯაროდ ლაპარაკი.
"წესიერება მოითხოვს ამ ადამიანებს შევხვდე, მოვუსმინო და შევაჯერო ყველას ხედვები. ჩემი მიზანი საბოლოოდ არის ის, რომ შეიქმნას ერთიანი დიდი ფრონტი, ოღონდ ეს არ იყოს ფრონტი, როცა ერთად დავდგებით და თქვენ დაგენახვებით. შეთანხმება არის მნიშვნელოვანი კონკრეტულ სტრატეგიაზე. ზოგად სტრატეგიაზე თანხმობა ისედაც არსებობს: არ თანამშრომლობა, გარედან წნეხი და პროტესტი.
"უბრალოდ, ამ მიმართულებით რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას კონკრეტულად და როგორ შეიძლება ნებისმიერმა მოქალაქემ გაზომოს ის, რასაც პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ, ვიგებთ, წინ მივდივართ თუ არ მივდივართ, ერთ ადგილს ვტკეპნით, ვძლიერდებით, არ ვძლიერდებით, ეს პროგრესი რაღაცნაირად უნდა ჩანდეს.
"ამიტომ მგონია, რომ უფრო დეტალურ სტრატეგიაზეა შესათანხმებელი. ეგაა მნიშვნელოვანი, რაც ამ საერთო ბრძოლას აკლია. მინდა რომ ორშაბათს, ან სამშაბათს საჯაროდ მოვყვე, ჩემი აზრით, რა არის გასაკეთებელი. იქით კვირას არ გადასცდება", - განაცხადა ჯაფარიძემ.