რეზონანსი
13.12.2025

ამ დრომდე კლინიკაში რჩება თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, მე-11 სკოლის მიმდებარედ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ლალი მრელაშვილი. სამწუხაროდ, ამ მძიმე ავარიას მისი შვილის, 35 წლის ცისმარი მრელაშვილის სიცოცხლე შეეწირა. ავტომობილი მას მაშინ დაეჯახა, როცა გზის გადაჭრას ცდილობდა. როგორც ცნობილია, ამ ტრაგედიის თვითმხილველი დედა შვილის საშველად გაიქცა და ამ დროს მას მეორე ავტომობილი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ლალი მრელაშვილი ღია გულის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია. ხოლო შვილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. 

ფიქრია იმერლიშვილი: "დედა-შვილი ცისმარი და ლალი ორი წლის წინ გავიცანი. ერთ უბანში, პარალელურ ქუჩაზე ვცხოვრობდით. წლებია, ქუჩაში ვხვდებოდი მათ, როცა მოწყალებას ითხოვდნენ, მაგრამ ამჯერად ჩვენ ცხოველების სიყვარულმა დაგვაკავშირა. მე ქუჩის მიუსაფარ ცხოველებზე ვზრუნავ. ისინიc ძალიან კარგად ექცეოდნენ ცხოველებს. 

საოცრად თბილები იყვნენ, უჭირდათ მატერიალურად, სოციალური დახმარებაც ჰქონდათ, მაგრამ იმდენად კეთილები იყვნენ, ამ თავიანთ საჭმელს ცხოველებს უნაწილებდნენ. ფიზიკურადაც ძალიან ბევრს შრომობდნენ, ტვირთს ეზიდებოდნენ, არაფერს თაკილობდნენ. ერთხელ შემხვდა, ურიკით მიჰქონდა რაღაცები და მითხრა, მაღაზიიდან გამომატანეს გადასაყრელად და რომ გადავყრი, 5 ლარს მომცემენო. ასე წვალობდნენ..

იტალიური ეზოსმაგვარ სახლში ცხოვრობდნენ, სახლიც კი არ ჰქვია ამას... ნახალოვკაში, მთის ძირშია, მიწა იშლება და ბევრი წვიმისგან შეიძლება, ერთ დღეს საერთოდ დაიძრას და წამოიღოს ის ფერდობი. შეშას აგროვებდნენ, სახლში ეზიდებოდნენ, რომ გამთბარიყვნენ. კარიც კი არ ჰქონდათ და ამიტომ ცუგები ქუჩაში გადიოდნენ (რამდენიმე ცხოველი ჰყავდათ შეფარებული), ეს კი მეზობლების პროტესტს იწვევდა.

როგორც ვიცი, რაჭაში აქვთ სოფელი, იქ მიდიოდნენ ხოლმე, იქაც წყალი ჩამოდიოდა, სახურავი მოუწესრიგებელი იყო. საცხოვრებელი პირობები არ ჰქონდათ. როგორც ვიცი, განცხადება შეიტანეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტში და გადახურვაში დახმარებას ითხოვდნენ. რაღაცნაირად უნდოდათ კიდეც, რომ სოფელში დაბრუნებულიყვნენ. 

ცისმარს მამა გარდაცვლილი ჰყავს, დედა ახლა კლინიკაშია მოთავსებული. მათთან ერთად ცხოვრობდა, ასევე, ცისმარის ბებია, მამის დედა. ახლა ეს ბებო მარტოა სახლში, ამდენ ცხოველთან ერთად. ბებო მოვინახულეთ და ამხელა ტრაგედიის შემდეგ, წარმოიდგინეთ, არ აღმოჩნდა თუნდაც ერთი მეზობელი, რომელიც მოხუცს საჭმელს მიაწოდებდა. 

წელს დაბადების დღე გადავუხადეთ ცისმარს, მისი ცხოვრების პირველი ტორტი იყო და ბედნიერებისგან ლამის შოკში ჩავარდა, მე ასეთი რაღაც არასდროს მქონიაო. ახლაც მეტირება, რომ მახსენდება. 

ჩემი ვარაუდით, ავარიის მიზეზი სიჩქარეა. ვფიქრობ, სხვანაირად ასეთი მძიმე შედეგი არ დადგებოდა. ამბობენ, მოისროლა მანქანამო. ყველა, ვინც ამ ავარიას შეესწრო, შოკშია... სახლში იმის ადგილიც არ არის, ისეთ დღეშია, რომ ცხედარი დაასვენონ. 

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×