რეზონანსი
04.07.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობას სწორი კონცეფციით შეუძლია, 3 წელიწადში შექმნას ისეთი სისტემა, რომლის პირობებშიც ახალგაზრდებს აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ წასვლა უკეთესი განათლების მისაღებად.

„ჩვენ, ხვალ, ვიკრიბებით კომისიის ფორმატში და ვფიქრობთ, თვის ბოლომდე ფართო საზოგადოებას წარვუდგენთ კონცეფციას, რომელიც გულისხმობს საუნივერსიტეტო სისტემის ფუნდამენტურად გადალაგებას. დღეს, უამრავი პრობლემაა საუნივერსიტეტო სისტემაში, მათ შორისაა მაგალითად პროფესურა, არასაკმარისი შრომის ანაზღაურება, რაც შემდეგ, ხშირად, მათი ნაწილის კვალიფიკაციაზეც უარყოფითად აისახება. ინფრასტრუქტურა არ არის შესაბამისად განვითარებული, საერთო საცხოვრებლები და ა.შ. ყველაფერი პრობლემურია ინფრასტრუქტურის ნაწილში. საგანმანათლებლო პროგრამები არ არის დახვეწილი, ძალიან ბევრი მიმართულებით.

სახელმძღვანელოები არ გვაქვს ბევრი მიმართულებით ძირითად საგნებშიც კი და ა.შ. უამრავი პრობლემაა, რასაც მოგვარება სჭირდება. ჩვენ უკვე, პრაქტიკულად, დამუშავებული გვაქვს გეგმა, რომელიც ყველა ამ პრობლემის მოგვარებას უზრუნველყოფს. ჩვენ შეგვიძლია, 3-წლიან პერსპექტივაში, მხოლოდ გადალაგების, სწორი დალაგების გზით, რადიკალურად გავაუმჯობესოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში. დღეს, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი მიდის სასწავლებლად საზღვარგარეთ, მათ შორის, ბაკალავრიატის დონეზე. 3 წელიწადში, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ისეთი სისტემა, რომლის პირობებშიც, ჩვენს ახალგაზრდებს აღარ მოუწევთ საზღვარგარეთ წასვლა უკეთესი განათლების მისაღებად. ამის ყველა შესაძლებლობა არსებობს, მთავარია სწორი მიდგომა, სწორი კონცეფცია და ვფიქრობთ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. თვის ბოლოსთვის უკვე დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ საზოგადოებას,“ - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×