
დიპლომატია რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის, მშვიდობის დამყარებისა და ურთიერთგაგების უმნიშვნელოვანესი საშუალებაა, ეს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს კიდევ ერთხელ შეახსენა. როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, ხშირ შემთხვევაში, დიპლომატია მისი რეალური მიზნის საპირისპირო შედეგების მისაღწევად გამოიყენება.
მმართველი გუნდის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ "ქართული ოცნებისგან" მსგავსი შინაარსის განცხადებები, პარტნიორებთან ურთიერთობებს აზიანებს, თუმცა, მათთვის კონკრეტული დიპლომატების მხრიდან ხელისუფლების კრიტიკა მისაღები და ლოგიკურია.
ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის კონკრეტულ მაგალითებზე აკეთებს აქცენტს მმართველი გუნდი. "ქართული ოცნება" განმარტავს, რომ ელჩების ნაწილი ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებას, ექსტრემიზმის წაქეზებას, მთავრობაზე ზეწოლის მოხდენას და რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლასაც კი ცდილობს.
პარლამენტის სპიკერმა ვრცელი განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პირველი კანონმდებელი ამბობს, რომ თუ დიპლომატია ქვეყნებს შორის ურთიერთობის პროცესში თავის ადგილს დაიბრუნებს, ეს სასარგებლო იქნება როგორც საქართველოსთვის, ისე პარტნიორი ქვეყნებისთვის.