
18 წლის ბიჭის, ალეკო შაკიაშვილის სასტიკი მკვლელობის დეტალებს ახლა სამართალდამცავები იძიებენ. დანაშაული "რატის ბარში" ორი დღის წინ მოხდა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია, 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ივანე გიგლემიანი. სწორედ გიგლემიანმა მიაყენა დანით სასიკვდილო ჭრილობები ახალგაზრდა ბიჭს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ამ დანაშაულის თვითმხილველია გიგლემიანის ნათესავიც, რომელიც ამჟამად ბრალდებულის გვერდით ზის. ის შეესწრო ფაქტს, რის შემდეგ ქუჩაში დატოვეს დაჭრილი ახალგაზრდა და მიიმალნენ. 45 წლის რატი პაკელიანსაც დაადეს ძალოვნებმა ხელბორკილები, მას პროკურატურა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა სასამართლომ დღეს შეეფარდა.
როგორც ცნობილი ხდება, მკვლელობაში ბრალდებული გიგლემიანისთვის ასეთი უმძიმესი დანაშაულის ჩადენა პირველი არ არის. 19 წლის ასაკში ჩაიდინა მან სასტიკი მკვლელობა, მაშინაც სრულიად უდანაშაულო, 18 წლის ბიჭი ქუჩაში ხალხის თვალწინ ავტომატით ჩაცხრილა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ამ უმძიმეს დანაშაულამდე თურმე მას ადამიანი ჰყავდა დაჭრილი და პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო. პირობითი მსჯავრიც მიემატა ახალ სასჯელს, დაემატა იარაღის უკანონო ტარება შენახვა და შეკრებითობის პრინციპით 26 წელი მიესაჯა, მაგრამ რატომღაც ასეთი მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებულმა გიგლემიანმა ციხიდან გამოსვლა მალევე შეძლო.
ალეკო შაკიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობის გაჟღერების შემდეგ სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა მომხდარით აღშფოთებულმა ქალბატონმა დოდო მაისაძემ, სწორედ ამ ქალბატონის 18 წლის შვილი გამოასალმა სიცოცხლეს 2008 წელს გიგლემიანმა.
ambebi.ge ქალბატონ დოდოს დავუკავშირდა. მას არ დაუმალავს, რომ გაუთავებლად იბრძოდა, რომ მისი შვილის მკვლელი საკადრისად დასჯილიყო, მაგრამ ამას ვერ მიაღწია.
"არ ვიცი აქვს კი საერთოდ ახლა ამაზე საუბარს აზრი. თქვენ არ იცით, რა დღეები გადავიტანე, ჯერ მაშინ, როცა ჩემი 18 წლის სრულიად უდანაშაულო შვილი მომიკლა და მერე, როცა მკვლელი ციხიდან ამნისტიით გამოვიდა. სულ ვაპროტესტებდი, ვითხოვდი ჩემი შვილის მკვლელს, ასეთ საშიშ დამნაშავეს არ შეხებოდა ამნისტია. ინტერვიუც მივეცი ტელევიზიებს, მაგრამ არავინ მოისმინა ჩემი გულისტკივილი და ასეთი დამნაშავე გარეთ გამოუშვეს ამნისტიით. არადა დღემდე საშინელი დღეები გამოვიარეთ. შვილის სასტიკი მკვლელობის შემდეგ ჩემი მეუღლე ისე დაავადდა, გულის ოპერაცია დასჭირდა. ამ საშინელი, გაუსაძლისი ტკივილით მოვდივართ დღემდე და ახლა 15 აპრილს, ჩემი შვილის გარდაცვალების დღეს მეუღლეს ინფარქტი დაემართა. მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და არ მინდა გავანერვიულო, მაგრამ, როცა 18 წლის ბიჭის მკვლელობის ჩამდენად ისევ მისმა გვარმა გაიჟღერა ისევ საშინლად განვიცადე და განმიახლდა ტკივილი, რომელიც არასდროს განელებულა და სულ ჩემთან არის.
ეს საშინელი ტრაგედია 2008 წელს მოხდა, 2008 წლის 15 აპრილს მომიკლა გიგლემიანმა ჩემი უდანაშაულო, სიცოცხლით სავსე ბიჭი, ლაშა რუბაშვილი. ამ სასტიკი მკვლელობის შემდეგ ერთი წელი მიმალვაში იყო და 2009 წელს დააკავეს. ჩემი შვილის სასტიკ მკვლელობამდე მან დაჭრა ახალგაზრდა და 5 წელი პირობითი სასჯელი ჰქონდა მისჯილი, მერე ჩემი შვილი რომ ჩაცხრილა, ის პირობითი სასჯელიც დაემატა, ასევე იარაღის უკანონო შენახვა ტარების მუხლიც წაუყენეს და შეკრებითობის პრინციპით საბოლოოდ 26 წელი და 6 თვე ჰქონდა მისჯილი. აქედან 18 წელი ჰქონდა ჩემი შვილის მკვლელობისთვის.
ჩემი შვილი 2008 წელს უბანში, ჩვენს სახლთან ახლოს, ორთაჭალაში მოკლა 18 ტყვიით. იმ დღეს თურმე იჩხუბეს უბნის ბიჭებმა, ამ კონფლიქტში ჩემს შვილს არ მიუღია მონაწილეობა, ჩხუბის დროს მათთან ერთად არ იყო. იმ საბედისწერო დღეს სახლში ერთად დავბრუნდით მე და ჩემი შვილი. ლაშამ უბანში ნახა ბიჭები შეკრებილები რომ იყვნენ და იქ მათთან შეჩერდა, მე სახლში წამოვედი. ამ დროს მოვიდა მკვლელი გიგლემიანი იქ მანქანით, მანქანიდან გადმოყო ავტომატის ლულა და ბიჭებს მიუშვირა. ბიჭებმა რომ დაინახეს გიგლემიანი, აქეთ- იქით გადახტნენ და დაიმალნენ, ჩემს შვილზე იმის თქმაც ვერ მოასწრეს დაიმალეო. მკვლელს ხელში შერჩა ჩემი უდანაშაულო შვილი და მას დაახალა ავტომატიდან ტყვიები. ასე 18 ტყვიით, სადისტურად მომიკლა შვილი, დაუშინა ავტომატის ჯერი. ორთაჭალაში ჩემს სახლთან იქვე ახლოს მოხდა ეს დიდი უბედურება.
შეკრებითობით 26 წელი და 6 თვე ჰქონდა მისჯილი. მერე შეკრებითობა გაუქმდა, გამოვიდა ამნისტია და 18 წელი და 6 თვე აპატიეს, ასე გამოვიდა ციხიდან. დიდხანს არც მჯდარა ციხეში. ჩვენ ვჩიოდით, ვითხოვდით არ შეხებოდა ჩემი შვილის მკვლელს ამნისტია, გავაპროტესტე, მაგრამ არავინ იღო ყურად ეს ამბავი და ციხიდან გამოსვლის შემდეგაც ახალი ტრაგედიები ჩაიდინა. რომ გამოვიდა მერე პოლიციელი დაჭრა და დაჭრისთვის იჯდა ციხეში, მგონი, 5 წელი. ახლაც ახალი გამოსული იყო ციხიდან და კიდევ გააუბედურა ერთი ოჯახი. 18 წლის ბიჭი მოკლა. საშინელი ტკივილით ვცხოვრობთ მე და ჩემი ქმარი და ახლა ამ ამბის გაგებამ კიდევ მეტად გაგვანადგურა", - განუცხადა "ამბებს" დოდო მაისაძემ.
ambebi. ge