რეზონანსი
13.05.2025

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სტამბოლში გაემგზავრება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ხუთშაბათს დაგეგმილ შესაძლო მოლაპარაკებებზე დასასწრებად.

"დაუღალავად ვმუშაობ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი სისხლის ღვრის დასასრულებლად, რაც მნიშვნელოვანია, ამ კვირის ბოლოს თურქეთში გაიმართება მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ხუთშაბათს, რომლებსაც შეუძლია, რომ საკმაოდ კარგი შედეგები მოიტანოს. [...]

ჩვენი ხალხი, მარკო რუბიო, სხვებიც იქ გაემგზავრებიან და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამის დასრულება", - ამბობს დონალდ ტრამპი.

მანამდე, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებზე გაემგზავრებიან.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენეტი ვლადიმერ პუტინი 15 მაისს თურქეთში, სტამბოლში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვია - ეს იქნება მათი პირველი პირისპირი შეხვედრა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, თუ კრემლი თანხმობას განაცხადებს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა შეხვედრის შესაძლებლობას მიესალმა და თქვა, რომ შესაძლოა თავადაც დაესწროს მას. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპის ეს იდეა შეფასა, როგორც "სწორი".

უკრაინამ და მისმა ევროპელმა პარტნიორებმა 12 მაისიდან ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვეს, თუმცა რუსეთი ინიციატივას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×