რეზონანსი
10.05.2025

პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ბატონი ელჩის გადასაწყვეტი არ არის საქართველო როდის გახდება ევროკავშირის წევრი და რა გზით გახდება ევროკავშირის წევრი, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში" საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, გაცხადებული მიზანი აქვს ჩვენ ერს, რომ მისი მთავარი საგარეო პოლიტიკური ორიენტირი გახლავთ ევროკავშირის წევრობა.

„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ამ გზისკენ მივდიოდით მეტ-ნაკლები წარმატებით, მაგრამ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში, ჩვენ არაერთი ხელშესახები შედეგი დავდეთ ევროკავშირის წევრობისკენ. ვფიქრობთ, რომ ეს გზა, რა თქმა უნდა, არის გამოწვევებით, პასუხისმგებლობებით სავსე, მაგრამ ჩვენ ამ გზას ბოლომდე გავივლით და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი მას შემდეგ, რაც როგორც ჩვენმა ხელისუფლებამ განაცხადა, საქართველო შეასრულებს ყველა ნაკისრ ვალდებულებას ევროკავშირის წევრობისთვის და მას შემდეგ, რაც ევროკავშირი მზად იქნება რეალურად, გაფართოებისთვის, საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მზად წევრობისთვის, მაგრამ აქ სხვა რამეშია საქმე.

მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ ევროკავშირმა თვისობრივად უნდა გადახედოს საკუთარ მიდგომებს საქართველოსთან მიმართებაში და უარი თქვან ევროპელმა ბიუროკრატებმა იმ უკიდურესად არაჯანსაღ და არამეგობრულ ნაბიჯებზე, რომლებსაც ჩვენ ვხედავდით ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ.

მხედველობაში მაქვს საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში უხეში ჩარევის მაგალითები. ასევე, ის მთელი რიგი დესტრუქციული ნაბიჯები და დესტრუქციული განცხადებები, რომლებსაც ჩვენ ვხედავდით როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში, როდესაც ვიხილეთ არაერთი რევოლუციის მცდელობა, სამოქალაქო დაპირისპირება და მთელი ის ძალიან არასასიამოვნო მოვლენები, რომლებიც განვითარდა პარლამენტის წინ", - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×