რეზონანსი
30.04.2025

ორგანიზაციები თუ მათი პარტიული წარმომადგენლები, ეს რადიკალები როდესაც აცხადებენ, თითქოს რამე ქველმოქმედებასთან გვქონდა საქმე ამ ფონდების სახით, ეს არის მტკნარი ტყუილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

„ისევე როგორც უცხოური დაფინანსების შემთხვევებში, ფასადურად ფინანსდებოდა ერთი-ორი ემოციური რაღაც შემთხვევა და ამით პოზიციონირებდნენ, თითქოს ქველმოქმედებას ეწეოდნენ. რეალურად, ეს ორგანიზაციები და ფონდები მიმართული იყო თანხების მობილიზაციისთვის, რომელიც შემდგომში ხმარდებოდა გარედან პროვოცირებულ სახელმწიფო გადატრიალებას და არეულობას. რა თქმა უნდა, ამ პროცესებს არ ჰქონდა არანაირი მასშტაბური მხარდაჭერა ქართველი ხალხის მხრიდან, რადგან ვხედავდით, რომ რუსთაველზე იყო შეკრებილი რამდენი ათასი, ახლა უკვე მილევად რეჟიმში კი – რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც თავისი დატვირთვით და დანიშნულებით წარმოადგენს უცხოური ძალის პროდუქტს, გარკვეულ აგენტურულ ქსელს, რომელიც პირდაპირ ფინანსდებოდა ამ წლების მანძილზე და. მათ შორის, ახლაც უკვე დაფინანსებულ აქტივობას ახორციელებდა. ამიტომ არანაირ სახალხო პროტესტს ადგილი არ ჰქონდა. ეს ორგანიზაციები თავიანთი ფონდებით და ამ ფონდების „ფეისებით“ წარმოადგენდნენ სწორედ ამ პროცესების გალამაზების მცდელობას“, – განაცხადა წილოსანმა.

რეალურად, საზოგადოება ხედავდა, რომ მათ შორის, პარტიული ოფისებიდან ამოღებული ნივთების შემდეგ აქციებზე ტემპერატურა იკლებდა და ახლაც, როდესაც საგამოძიებო პროცესების მიმდინარეობისას ამ ფონდებს მიადგნენ, საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, რომ რაზეც ეჭვი ჰქონდა და რასაც ხედავდა, ის დადასტურდება.

ნინო წილოსანმა ასევე განაცხადა, რომ სახეზე იყო უცხოური დაფინანსება, რომელსაც თავადაც არ უარყოფდნენ, სახეზე იყო უცხოეთიდან წამოსული განცხადებები და უხეში ჩარევის მცდელობები.

„ჩვენ ვხედავდით უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ აქციების დროს, გამოირჩეოდნენ ასევე რადიკალიზმით და, მათ შორის, არაერთი იქნა დაკავებული და აღმოჩენილი; ჩვენ ვხედავდით, რომ უცხოური ორგანიზაციები თავიანთი ადგილობრივი საცეცებით მუშაობდნენ და, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო ისეთი რეალური, როგორც არასდროს. არაერთი ასეთი მცდელობა გვინახავს, მაგრამ ეს იყო, ფაქტობრივად, ბოლო ძალების მოკრება. 

წარმოუდგენელია იმაზე მეტი ჩარევა და უხეში ზემოქმედება როგორც ქვეყნის გარედან, ასე ქვეყნის შიგნით, ვიდრე ეს ხდებოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ. ჩვენ ვხედავდით, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად ფრთხილად ართმევდა ამ ყველაფერს თავს. რა თქმა უნდა, სუს-ის დანიშნულებაა ის, რომ ხალხს როდესაც სძინავს, სწორედ ეს მშვიდი ძილი უზრუნველყოს. ფაქტია, მათ შეძლეს ბევრი რისკის აღმოჩენა და პრევენცია“, – განაცხადა წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×