
ვოლოდიმირ ზელენსკის გარშემო მხარდამჭერთა წრე ვიწროვდება. მან კარგად იცის, რომ მარტივი არ იქნება მიიღოს პოლიტიკურ თავშესაფარი. ერთადერთი სახელმწიფო რომელიც ზელენსკის მიიღებს, ეს საფრანგეთია, ისიც მანამ, სანამ ხელისუფლებაში მაკრონი იქნება. ამიტომ, ერთ დროს ბაიდენის ადმინისტრაციის და დასავლეთის მიერ გმირად გამოცხადებულმა ზელენსკიმ გადაწყვიტა ივაჭროს. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვაჭრობიდან არაფერი გამოვა.
ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში არ აქვს დიდი მხარდაჭერა, რის გამოც ტრამპის გარემოცვა თვლის, რომ მან უკრაინა უნდა დატოვოს. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს. როგორც გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, ვაშინგტონისა და კიევის ურთიერთობების გაფუჭება, თითქოს მოულოდნელია, მაგრამ ამაში არაფერია ახალი. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა ყურადღება გაამახვილა ახალი არჩევნებისა და ახალი ხელისუფლების დანიშვნის აუცილებლობაზე.
ამ ეტაპზე ზელენსკის მთავარ კონკურენტად უკრაინული ჯარის ყოფილი მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი სახელდება, რომელსაც ჯერ კიდევ ნოემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად მოსახლეობის 27% უჭერდა მხარს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ არჩევნები უკრაინაში უახლოეს თვებში ჩატარდება და ეს არ იქნება ზელენსკის ნება-სურვილზე დამოკიდებული.
პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე აცხადებს, რომ უკრაინას არც ნატოში მიიღებენ და არც ევროკავშირში, რაც იმას ნიშნავს, რომ ზელენსკი არ გადადგება და რა პირობასაც აყენებს, ეს არის უტოპია. პოლიტოლოგის განცხადებით, უკრაინა არ არის სუბიექტი, უკრაინა არის ობიექტი და შემთხვევითი არ არის, როდესაც ტრამპი ამბობს, რომ შეხვდება პუტინს.
„უკრაინის ამბები ძირითადად გადაწყდება პუტინსა და ტრმაპს შორის. ზელენსკი კი იძულებული გახდება დათანხმდეს იმ პირობებს, რასაც გადაწყვეტენ - ანუ წავიდეს. სხვა რამე ძალა აქვს? როგორ შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს? ეს წინააღმდეგობა ძირითადად იყო ამერიკის მიერ მიწოდებული იარაღით და ფინანსებით. დღევანდელ ამერიკას აინტერესებს დამყარდეს მშვიდობა. წინა ადმინისტრაცია იყო ომზე ორიენტირებული. ტრამპი სრულიად სხვაგვარად უყურებს. ის არის კრიზისმენეჯერი, რომ გამოასწოროს ის რაღაცა ნაკლოვანებები და შეცდომები, რაც წინა ადმინისტრაციამ დაუშვა.
ვხედავთ, რომ მისი ინტერესის სფერო არ არის არც ევროპა, ტარიფებს უწესებს. მისი ინტერესის სფერო არის სამხრეთ-აღმოსავლეთი-აზია და იქითა ნახევარსფერო, სადაც არის ამერიკა განლაგებული. ამერიკას აქვს ძალიან დიდი ვალი და ტრამპი როგორც კრიზისმენეჯერი ცდილობს გამოასწოროს ის სიტუაცია, რაც ამერიკას აქვს დღეს. ამიტომ მოქმედებს ძალიან პრაგმატულად“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.
წყარო: for.ge