
ყველა საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც დაინიცირდა, გვექნება პოზიცია, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, მას მრავალი რეკომენდაცია აქვს გაცემული, რომ ახალი საკანონმდებლო დოკუმენტი არის მისაღები.
„ერთი რამე შემიძლია, გითხრათ, აქ ვადებზე არ არის, აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც გვაქვს, ვერ უზრუნველყოფს საპროცესო დაცვის გარანტიებს იმ სტანდარტით, რა სტანდარტითაც უნდა იყოს დაცული. იცით, რომ ეს არის მოძველებული, საბჭოთა კოდექსი და ამ კოდექსის პირობებში ვადების გაზრდა არის პრობლემური. ამიტომ ცალკე აღებული ვადა არ უნდა განიხილო ამ შემთხვევაში, რადგან ნახავთ ბევრ ქვეყანას, სადაც 60 დღე არის როგორც ვადა დემოკრატიულ ქვეყნებში ადმინისტრაციული პატიმრობის. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საპროცესო კანონმდებლობა, რომელიც მხარეებს მისცემს შესაძლებლობას, მათი საპროცესო უფლებები იყოს სრულად დაცული. და ეს კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, სამწუხაროდ ამის შესაძლებლობას არ იძლევა.
ამაზე მრავალჯერ მაქვს ნასაუბრები, მრავალი რეკომენდაცია მაქვს გაცემული, რომ ახალი საკანონმდებლო დოკუმენტი არის მისაღები, ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს. ახლა გზაში ვიყავი, რომ მითხრეს, რა ცვლილებებიც იგეგმება. ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, გვექნება ჩვენი პოზიცია მას შემდეგ, რაც დეტალურად ვნახავ საკანონმდებლო პაკეტს. ეს ნაწილი, რაზეც ვისაუბრე, ვიცი რა არის და სხვები ჯერ არ მინახავს. ყველა საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც დაინიცირდა, გვექნება პოზიცია. უბრალოდ არ მაქვს პაკეტი ნანახი, ერთი საათის წინ მოხდა ეს, როგორც კი ვნახავთ, ყველაფერზე გვექნება პოზიცია“,- განაცხადა იოსელიანმა.
„ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა ცვლილებები, რომლებიც რამდენიმე მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.