რეზონანსი
01.11.2023

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ნაგავსაყრელის მშენებლობის მიზნით 13 მილიონიან ტენდერს აცხადებს.

ქ. თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე მე-4 უჯრედის სამშენებლო სამუშაოების მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 15 ნოემბერს დაიწყება და 20 ნოემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი  12 801 359 ლარია.

როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ქ. თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის მე-4 უჯრედის პროექტის მომზადების ვალდებულება  უცხოური საწარმოს ფილიალმა „ჯეო კონსულტანტმა“  აიღო, რომელმაც ამ მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

პოლიგონის ტერიტორია დაყოფილია სამოქმედო უბნებად-უჯრედებად (პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე უბნები ათვისების თანმიმდევრობის მიხედვით). უჯრედების მოწყობა და ნარჩენების განთავსება დაგეგმილია პოლიგონის ზემო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის მხრიდან და თანდათან მოხდება ტერიტორიის სრულად შევსება სამხრეთის მიმართულებით.

უჯრედების მოწყობამდე და ექსპლუატაციის დაწყებამდე, გათვალისწინებულია ტერიტორიის წინასწარი მომზადების სამუშაოები, რაც ითვალისწინებს:

პოლიგონის ტერიტორიაზე ატმოსფერული წყლების მოხვედრის გამორიცხვის მიზნით, პერიმეტრული წყალშემკრები სისტემის და გამყვანი კოლექტორის მოწყობას;

არსებული მისასვლელი გზის რეაბილიტაციას და საოპერაციო საავტომობილო გზების მოწყობას, რომელთა სავალი ნაწილის სიგანე უნდა უზრუნველყოფდეს ორი ნაგავმზიდის თავისუფალ მოძრაობას.

უჯრედის მოწყობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები მოიცავს ნიადაგის ზედა ფენის მოხსნას და წინასწარ მომზადებულ ტერიტორიაზე დასაწყობებას, რომ მისი გამოყენება შესაძლებელი იყოს უჯრედის დახურვის პროცესში მის ზედაპირზე სარეკულტივაციო ფენის მოსაწყობად. ამის შემდეგ მოხდება გრუნტის ამოღება და უჯრედის დაღრმავება, ისე რომ წყალშემცველ ფენამდე დარჩენილი იყოს 1,5-2,0 მეტრი.

უჯრედიდან ამოღებული გრუნტი დასაწყობდება წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე და შემდგომ გამოყენებული იქნება ნარჩენების 2-3 მეტრი სისქის ფენების გადასაფარად და უჯრედის ზედაპირის გადახურვისათვის.

უჯრედის ძირზე არსებული თიხის ფენის მომზადებისა და ფილტრაციული თვისებების მინიმიზაციისათვის, აუცილებელია მისი გამკვრივება, რაც განხორციელდება გზის სატკეპნი მექანიზმის გამოყენებით. თიხის ფენის დატკეპნის პროცესში საჭიროა ზედაპირის წყლით ხშირი დანამვა. ანალოგიურად მოხდება უჯრედის გვერდითი ზედაპირების თიხის ფენის გამკვრივება. მიწის პირიდან 0-3 მეტრის სიღრმეზე უჯრედის გვერდის ზედაპირებზე აუცილებელი იქნება თიხის ხელოვნური საფარის მოწყობა. თიხის ჰიდროსაიზოლაციო ფენის მოწყობის შემდეგ მის ზედაპირზე განთავსდება გეომემბრანა. გეომემბრანის მოწყობა ითვალისწინებს შემდეგი ოპერაციების შესრულებას: ქვედა ფენის მომზადება, გეომემბრანის განთავსება, შეპირაპირება, გეომემბრანის ფურცლების შედუღების ოპერაციები და სხვა.

მუშა უჯრედის შევსება და ახალი უჯრედის მომზადება უნდა ხდებოდეს უწყვეტ რეჟიმში, რათა გამორიცხული იყოს ნარჩენების განთავსების შეფერხება.

ქ. თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი მდებარეობს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს თემის ტერიტორიაზე, ქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. პოლიგონის განთავსების ტერიტორიის უახლოესი დასახლებული პუნქტებია “სოფ. დიდი ლილო (დაცილება 1200მ), სოფ. ნასაგური (დაცილება 1500 მ), სოფ. მარტყოფი (დაცილება 3600 მ), სოფ. ნორიო (დაცილება 3800 მ) და სოფ. ბროწეულა (დაცილება 1700 მ). ქ. თბილისის უახლოესი საცხოვრებელი ზონებიდან დაცილება შეადგენს 4.5-5.0 კმ-ს. პოლიგონის სამხრეთი საზღვრის პერიმეტრს ესაზღვრება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა, ხოლო შემდგომ ზემო სამგორის არხი რომლის დაცილება აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მერყეობს 350-დან 900 მ-მდე. ქ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაცილება შეადგენს 7000 მ-ს. პოლიგონი მდებარეობს ცელუბნის ქედის სამხრეთ ფერდობის ქვედა ნიშნულებზე. პოლიგონის ტერიტორია დაცულია ფერდობიდან ჩამონადენი ატმოსფერული წყლებისაგან, რისთვისაც გამოყენებულია ე. წ. მარტყოფის უმოქმედო სარწყავი არხი. პოლიგონის პროექტით გამოყოფილი ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს 84 ჰა-ს, დღეისათვის არსებული ინფრასტრუქტურა მოწყობილია და ათვისებულია ~ 40 ჰა ფართობზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×